„მასწავლებლობა სამუდამო პროფესია არ არის, კადრების ცვლილება აუცილებელია“ - დირექტორები განათლების მინისტრის ინიციატივის შესახებ
27-12-2018
მასწავლებლებისთვის გადამზადების ახალი მოდელის შექმნა იგეგმება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, იმისათვის, რომ ახალი პროგრამით ახალგაზრდა პედაგოგები დააინტერესოს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

etaloni.ge დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორები, რა პრობლემებს ხედავენ და როგორ შეიძლება ამ საკითხის გადაჭრა ისე, რომ არავინ დაზარალდეს. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ბასილაძე: „თუ იმ პედაგოგებს, რომლებიც წლებია უკვე სკოლაში მუშაობენ და აქვთ ძალიან დიდი სტაჟი, ექნებათ დამსახურებული პენსია სკოლიდან წასვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებისთვისაც გაიხსნება სკოლის კარი. დღესდღეობით, ჩვენ ყველას გვაქვს ერთი პრობლემა - როგორ უნდა გავუშვათ სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები?! თუ ამ პრობლემას უმტკივნეულოდ მოაგვარებენ განათლების სისტემაში მყოფი ადამიანები, მაშინ მივესალმები ინიციატივას. ჩემს სკოლაში სულ 48 პედაგოგი ასწავლის და გეტყვით, რომ აქედან უმეტესობა, ღვაწლმოსილია“. 

ჯემალ ნოღაიდელის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე: „მივესალმები ამ ინიციატივას და ვეთანხმები ბატონ მინისტრს, რომ ახალგაზრდები უნდა დავაინტერესოთ სკოლით. ცოტათი რთულია დღეს ახალგაზრდა პედაგოგების მიყვანა სკოლაში, არის ბევრი ბარიერი, ბიუროკრატიული და ისედაც. მე ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო მათ და სკოლაშიც მყავს ახალგაზრდა მასწავლებლები. სკოლას და განათლების სისტემას ახალი სისხლი სჭირდება“. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ ქათამაძე: „ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ საინტერესოა ვის ხარჯზე იქნება ეს ცვლილება?! თუ უფრო მეტად მოხდება დაკონკრეტება, უკეთესი იქნება, ასევე, რა კრიტერიუმებით შეარჩევენ მომსვლელ ახალგაზრდებს და როგორ გაუშვებენ სკოლიდან ღვაწლმოსილ პედაგოგებს?! - ეს მგონი ყველას დააინტერესებს. ჩვენც გვინდა, რომ მოხდეს ეს ჩანაცვლება, მაგრამ ვინ უნდა გავუშვათ?!“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის დირექტორი დალი ნიჟარაძე: „მეც მყავს სკოლაში ახალგაზრდა მასწავლებლები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა. აი, მეც რომ ვიყო მასწავლებელი და რომ მოვიდეს სიახლეებითა და ინოვაციებით დატვირთული მასწავლებლობის მსურველი ახალგაზრდა, ადგილს დავუთმობდი. მასწავლებლობა სამუდამო პროფესიაა არაა, კადრების ცვლილება აუცილებელია“.   

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის დირექტორი გულნარი ბაკურიძე: „ახალი სისხლი ყველა სისტემას და ორგანიზაციას სჭირდება, განსაკუთრებით კი განათლებას. მივესალმები ამ ინიციატივას, რადგან თაობათა ცვლა აუცილებელია, ახალგაზრდებს სხვა ხედვა აქვთ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებისთვის. ჩვენი სკოლის კარი ღიაა ახალგაზრდა პედაგოგებისთვის, თუმცა, ჯერჯერობით ვაკანსიები არ გვაქვს“. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ გორაძე: „აუცილებელია დაწესდეს ზღვარი, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმული პედაგოგებისთვის, პირობითად, 25 და 75 წელი. მინისტრის ინიციატივა კარგია, მაგრამ კადრების ჩანაცვლება როგორ მოხდება, ესაა საკითხავი. ასევე, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ფინანსური დაინტერესებაც“. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯაში-შაინიძე: „ინიციატივა სასიხარულო და მისასალმებელია. ძალიან კარგი იქნება, თუ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება სკოლით, რადგან პედაგოგობა ყოველთვის იყო და იქნება პრესტიჟული პროფესია. რა თქმა უნდა, ცვლილება იქნება და ეს ალბათ სქემაშიც გაიწერება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ხანდაზმულ და ღვაწლმოსილ პედაგოგს აქვს იმის შესაძლებლობა და საშუალება რომ ასწავლოს, ის სკოლიდან არ უნდა წავიდეს. მისი გამოცდილება და დამსახურება კიდევ ბევრ თაობას აღზრდის“. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა თურმანიძე: „რაც უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება პედაგოგობით, უკეთესი იქნება. უბრალოდ, მათ უნდა მიეცეთ სტიმული სწავლების და პირველ რიგში, ეს მატერიალურ კეთილდღეობაზე გადის, და რა თქმა უნდა, მივესალმები მინისტრის ინიციატივას“. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაკაშიძე: „ახალი სისხლი და ინოვაცია ყოველთვის საჭირო და მისაღებია. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ოდესმე უნდა დაიძრას და „ჩემი სკოლა და ჩემი კლასის“ სტერეოტიპი დაიმსხვრეს. პედაგოგები სამუდამოდ არ უნდა რჩებოდნენ სკოლებში და უნდა დაუთმონ ასპარეზი ახალგაზრდებს. ჩემს სკოლაში ეს სტერეოტიპი დიდი ხნის წინ დავამსხვრიეთ, მაგრამ 2005 წლის შემდეგ ახალი მასწავლებელი არ გვყოლია. ჯერ ერთი, ვაკანსიებიც ცოტა იყო მეორე, საერთოდ არ ინტერესდებოდნენ ახალგაზრდები. ძალიან მინდა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და სკოლები ახალი სისხლით შეივსოს“. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი  თამაზ ფუტკარაძე: „ჩემს სკოლაში პედაგოგების თითქმის 30% ახალგაზრდაა და ამ ინიციატივას, რა თქმა უნდა, მივესალმები. აი, მაგალითად ჩვენთან 23 წლის პედაგოგი, მაია ბერიძე ასწავლის სამოქალქო განათლებას და რაც უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება სკოლით, უმჯობესი იქნება მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის და მთლიანად, განათლების სისტემისთვის“. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხაბაძე: „ახალგაზრდებს სკოლაში სიახლეები შემოაქვთ, უფრო შემართებით მუშაობენ და რა თქმა უნდა, მივესალმები ამ ინიციატივას. ჩემთანაც მუშაობენ ახალგაზრდები და ასევე, ხანდაზმული პედაგოგები და მე სავსებით კმაყოფილი ვარ მათი მუშაობით“. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ქარცივაძე: „რა თქმა უნდა, მომწონს და მივესალმები ამ ინიციატივას. ჩემს სკოლაშიც ხუთი ახალგაზრდა პედაგოგი ასწავლის და ძალიან კმაყოფილი ვარ მათი მუშაობით. მათ სიახლეები, ინოვაციები და ახლებური მიდგომა შემოიტანეს სკოლაში და მოსწავლეებს ძალიან უყვართ. ამ ინიციატივაში მხოლოდ ერთ ხარვეზს ვხედავ - როგორ მოხდება კადრების ჩანაცვლება?! მთავარია, რომ ხანდაზმული და ღვაწლმოსილი პედაგოგები არ დაზარალდნენ ამ ინიციატივით და სახელმწიფომ იზრუნოს მათზე. თუ მათ საკმარისი პენსია ექნებათ, მაშინ თავიანთი სურვილით წავლენ სკოლიდან და ახალგაზრდებსაც გზა ხსნილი ექნებათ“. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ ქიქავა: „სკოლაში საშუალო ასაკი პედაგოგები გვყავს და ამ ინიციატივას მივესალმებით. რა თქმა უნდა, ძალიან, კარგია ახალგაზრდების შემოსვლა სკოლებში. ეს ახალ სისხლს და ინოვაციებს მოიტანს. რაც შეეხება ჩანაცვლებას, ალბათ სახელმწიფო განსაზღვრავს ასაკს და შესაბამისად, ასე გადაწყდება სკოლაში ვინ დარჩება, ვინ მოვა და ვინ წავა“.  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203