აჭარის განათლების სამინისტრო სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს სკოლებს
15-09-2016
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს და ნაყოფიერ, წარმეტებებით გამორჩეულ წელს უსურვებს მათ.  

სამინისტროს მიზანია სრულფასოვანი განათლება მიიღოს რეგიონის მასშტაბით ყველა მოსწავლემ.

სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა ხელმისაწვდომი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა. სწორედ ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ინვენტარით აღჭურვის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც წელს განხორციელდა 27 ინფრასტრუქტურული პროექტი. აქედან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 სკოლას, 2 პანსიონს, აშენდა 6 სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 სპორტულ დარბაზს, მალე დაიწყება ქ.ბათუმის N17 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა.  

რეგიონის მხოლოდ ერთ – ბათუმის N17 საჯარო სკოლაში ერთი კვირით გადაიდება სასწავლო პროცესი. 

ქალაქ ბათუმის N17 სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სკოლებში, სადაც მშენებლობა ან ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ დასრულებულა, არსებობს ალტერნატიული სივრცე, სადაც დაიწყება სასწავლო პროცესი.

დღეს საზეიმოდ გაიხსნება შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ხაბელაშვილებში ახალრეაბილიტირებული საჯარო სკოლა, რომელშიც წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში ტარდებოდა სასწავლო პროცესი. 

წელს, სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში.
სკოლაში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო, კეთილმოეწყო ეზო, სკოლა აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ბიბლიოთეკას გადაეცა ახალი მხატვრული ლიტერატურა.

2017 წელს იგეგმება 22 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია, შესყიდული იქნება 13 სკოლის პროექტი. აჭარაში სულ 255 სკოლა, მათგან 229 საჯაროა, 26 - კერძო. წლევანდელი მონაცემებით, აჭარაში რეგისტრირებულია 53 861 მოსწავლე (მათგან 5 846 პირველკლასელია) და 7 033 მასწავლებელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203