საქართველოში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად ათეულობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაშავდნენ
02-01-2019

საქართველოში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად, ათეულობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაშავდნენ.

კერძოდ კი  თბილისში, იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 10-დან 13 წლამდე ასაკის 12 ბავშვი მოათავსეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთ დაშავებულ ბავშვს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა.

ბათუმში ევროპის მოედანზე ფოიერვერკის აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ტურისტი. აჭარის ტელევიზიის ცნობით, პიროტექნიკა სავარაუდოდ ​საყრდენიდან გადმოვარდა და არასწორი მიმართულებით გაისროლა.

გორში „გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, რომელთაგანაც 4 ბავშვია. პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, ერთ მოზარდს დამწვრობა აღენიშნება, სამს - სხვადასხვა სახის ჭრილობები.

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში კი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით 9 ადამიანი შეიყვანეს. დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი, რომელსაც ოპერაცია - თითის რეპლანტაცია ჩაუტარდა. ოთხ დაშავებულს კი -  სხვადასხვა სახის ოპერაცია.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოს პიროტექნიკით დაშავებულმა ორმა ადამიანმა მიმართა. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ცნობით, პაციენტებს დაზიანებები ხელის მტევნებზე აღენიშნებოდათ და მიკროქირურგთან კონსულტაციას საჭიროებდნენ.

რუსთავში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი მცირეწლოვანია - ერთი 10 წლის, მეორე კი 8 წლის ბიჭია. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე იხილეთ: რა წესები უნდა დაიცვათ პიროტექნიკის ყიდვის, შენახვის და გამოყენების დროს - საგანგებო გაფრთხილება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203