ველევის საჯარო სკოლაში ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების 125 წლისთავი აღნიშნეს
09-01-2019
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ველევის საჯარო სკოლაში ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების 125 წლისთავი აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, VIII-IX კლასის მოსწავლეებმა მწერლის მოთხრობა „ხევისბერი გოჩა“ წაიკითხეს, ლუკა არდიამ კი ნაწარმოების პერსონაჟები დახატა. ნახატები ფორმატის ფურცლებზე დატანილ ნაწარმოების გასაანალიზებელ გამონათქვამებთან ერთად დაფაზე გამოიფინა. ფორმატის ფურცლებზე გასაანალიზებელი გამონათქვამები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოამზადა.
მოსწავლეებმა გამონათქვამების მიხედვით მოქმედი გმირები ამოიცნეს და მათ შესახებ ისაუბრეს. IX კლასის მოსწავლე ლუკა გოგსაძემ პარალელი გაავლო პროსპერ მერიმეს ნოველა „მატეო ფალკონესთან“, რუსულის მასწავლებელმა კი - გოგოლის მოთხრობა „ტარას ბულბასთან“.
„დისკუსია საინტერესოდ წარიმართა. დასკვნაც გამოფენილ ფურცლებზე გაკეთებულ ჩანაწერებში აღმოაჩინეს: „სამყაროში ყველაფერი ცვალებადობას ემორჩილება, უცვლელი მხოლოდ ცვალებადობაა“ და პერსონაჟთა ტრაგედიის მიზეზად მოძველებული ტრადიციები მიიჩნიეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები