პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, 2020 წლისთვის საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება როგორც საატესტატო, ისე ერთიანი ეროვნული გამოცდების კუთხით.
საინტერესოა, რამდენად გაამართლა საატესტატო გამოცდებმა და არის თუ არა ის აუცილებელი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. etaloni.ge-სთან სკოლის გამოსაშვები გამოცდების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ამჯერად, ჩხოროწყუს, შუახევის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სკოლების დირექტორები საუბრობენ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მირანდა წურწუმია:
„სასკოლო საატესტატო გამოცდები ნამდვილად მისასალმებელი და საჭირო პროცესია სკოლებში. რომელმაც არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, არა მხოლოდ დამამთავრებელ, არამედ ყველა ეტაპზე უნდა ტარდებოდეს - მეექვსეზეც, საბაზოზეც. შიდა გამოცდების ჩაბარება დადებითად იმოქმედებს იმ კუთხითაც, რომ ბავშვები შეეჩვევიან გამოცდების ჩაბარებას და იქნებიან მეტად მობილიზებულები და მომზადებულები“.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ დავითაძე:
„რა თქმა უნდა, გამოცდები ძალიან კარგია. ბავშვებისთვის ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მეტად მოემზადონ, მეტად გახალისდნენ, სულ ტელეფონში არ იყვნენ ჩართულნი. ჩვენი სკოლა არის საბაზო, მეთორმეტე კლასი არ გვყავს. არ ვფიქრობ, რომ საბაზოს ბოლოს გამოცდა უნდა ჩაუტარდეს ბავშვებს, თუმცა, მიმაჩნია, რომ აუცილებელია გამოცდა მისთვის, ვინც მეათე კლასში გადადის. თუმცა, არ არის აუცილებელი ყველამ გააგრძელოს სწავლა მეცხრე კლასის შემდეგ და ჩააბაროს უმაღლესში. შეუძლია, შევიდეს პროფესიულ სასწავლებელში, დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას და ჰქონდეს იმაზე მაღალი ხელფასიც, ვიდრე უმაღლესდამთავრებულს აქვს“.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სულხან ჯიჯელავა:
„მე თუ მკითხავთ, საატესტატო გამოცდებმა გარკვეულწილად გაამართლა, თუმცა, განვითარება ყველა იდეას სჭირდება. არის კონკრეტული დეტალები, რასაც შეცვლა ესაჭიროება. ვფიქრობ, ჯერ უნდა მივცეთ ახალგაზრდას სწავლის შანსი და მერე უნდა მოვთხოვოთ, რომ იცოდეს. რამდენი სტუდენტია, რომელსაც სტატუსი აქვს შეჩერებული, იმის გამო, რომ ვერ სწავლობს, ვერ ახერხებს დაძლიოს პროგრამა. ყველაფერი ერთმანეთთან უნდა იყოს ბმაში. არ უნდა იყოს აცდენილი სასწავლო მასალა და საგამოცდო პროგრამა. გამოცდა არ უნდა იყოს იმისთვის, რომ ბავშვმა მიიღოს ატესტატი. გამოცდებმა უნდა მისცეს ბავშვს მეტი განათლება“.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ ნაჭყებია:
„სჯობს საატესტატო გამოცდები ამ სახით არ ტარდებოდეს. ბავშვი არ უნდა მივიყვანოთ მე-12 კლასამდე. ჩავუტაროთ მას მე-9 კლასის შემდეგ გამოცდა, რომელიც გადაწყვეტს უნდა იაროს თუ არა მან სკოლაში და დაამთავროს თუ არა მე-12 კლასი. ის, ვინც მე-10 კლასში გადავა, მე-12 კლასის შემდეგ გამოცდა არც უნდა ჩაუტარო. ვფიქრობ, ეს უკვე სკოლას უნდა მიანდონ და საკმარისი იქნება“.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ ქამადაძე:
„ალბათ, უკეთესი იქნებოდა, გაერთიანებულიყო ეროვნული და საატესტატო გამოცდები. რადგან ბავშვები ფსიქოლოგიურად მეტად განიცდიან ამდენ გამოცდას. ჩანაფიქრმა, ვფიქრობ, ნაწილობრივ გაამართლა. უკეთესი იქნებოდა, ბავშვს ჰქონდეს არჩევანის საშუალება - თუ არ სჭირდება ბავშვს მომავალ პროფესიაში ქიმია და ფიზიკა, ის არც უნდა აბარებდეს საატესტატო გამოცდებში ამ საგნებს, მაგრამ მათემატიკა, ინგლისური, ქართული უნდა იყოს სავალდებულო“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ბუკია:
„საატესტატო გამოცდებს მე პირადად, დადებითად ვაფასებ, იმიტომ რომ ბავშვები, სხვა წლებთან შედარებით, მეტად მობილიზებული არიან. გააქტიურდნენ საბუნებისმეტყველო საგნებშიც, რადგან იციან, რომ მე-12 კლასის ბოლოს გამოცდები ელოდებათ. უკეთესი იქნებოდა შუალედური გამოცდების სახით ბავშვებს ჩაუტარდეს გამოცდები. ასევე, წინასწარ ჰქონდეთ მათ სამეცადინო ტესტები, რომლითაც ბავშვები მოემზადებიან და შედეგიც უფრო მაღალი იქნება“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა აბსავა:
„მე-12 კლასის ბოლოს გამოცდები უნდა ტარდებოდეს, რადგან ამან მნიშვნელოვნად გაზარდა მოტივაცია ბავშვებში, თუმცა, ცოტა სხვა ფორმატი, რომ იყოს, ალბათ, უკეთესი იქნებოდა. ვგულისხმობ, ღია და დახურულ კითხვებს. საატესტატო გამოცდებში დახურული კითხვებია, სადაც არ ჩანს ბავშვის აზროვნება. ღია კითხვები უკეთესი იქნებოდა სწორედ ამ მხრივ, ბავშვი შეძლებდა, ეჩვენებინა საკუთარი აზროვნება და შესაძლებლობები“.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის დირექტორი ლონგინოზ თოდუა:
„საატესტატო გამოცდები არ არის ცუდი. მოტივაციას უქმნის ბავშვებს. თუმცა, ვფიქრობ, ადრე, როდესაც ქულები იწერებოდა, მეტად იყო ბავშვი მონდომებული. აუცილებლად შევიტანდი საატესტატო გამოცდებში ამ ცვლილებას. ქულების სისტემა, ვფიქრობ, აუცილებელია - ბავშვი იგებს მისი ცოდნის დონეს და ცდილობს, მეტი იმეცადინოს და უკეთესი შედეგი აიღოს გამოცდაზე“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი როგავა:
„საატესტატო გამოცდების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები მეტად არიან მონდომებულები და ცდილობენ, ბევრი იმეცადინონ გამოცდებამდე“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხური საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯიბლაძე:
„საატესტატო გამოცდები ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბოლო დროს ქულები, რომ არ იწერება, მოსწავლეებში დემოტივაციას იწვევს. სუსტებისთვის, რა თქმა უნდა, კარგია. დადებითად ვერ შევაფასებდი იმას, რომ გამოცდაზე ბავშვებს ხვდებათ დახურული კითხვები, რომელიც ცოდნის შემოწმების საშუალებას დიდად არ იძლევა. უკეთესი იქნებოდა, ტესტში მოცემული ყოფილიყო ღია კითხვებიც, სადაც მოსწავლეს ექნება საშუალება, მისი აზრი დააფიქსიროს ვრცელი პასუხით“.
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ცქვიტაია:
„ზოგჯერ აცილებული მგონია, ეროვნული და საატესტატო გამოცდები. ვფიქრობ, ამ ტიპის საატესტატო გამოცდები რეალურად არაფრის მომცემია. ძალიან ცუდი რაც არის ამ საატესტატო გამოცდებში, არის ის, რომ კლასის საუკეთესო მოსწავლეც და ის მოსწავლეც, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ვერ სწავლობდა კარგად, ერთსა და იმავე შეფასებას ღებულობენ - წარმატებით ჩააბარა გამოცდა ანუ არ ხდება განსხვავება. ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს გამოცდები არაფრის მომცემია“.
ზუგდიდის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ლია გრიგოლია:
„მე პირადად, რამდენიმე თვეა დავინიშნე დირექტორად, პირადად არ მქონია შეხება საატესტატო გამოცდებთან. თუმცა, ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი საშუალება, გაუზარდოს ბავშვებს სწავლის მოტივაცია, თუმცა, არის ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც არის ყურადღებამისაქცევი და გასათვალისწინებელი“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ცხადაია:
„ვფიქრობ, საატესტატო გამოცდები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ალბათ, კონკრეტული დეტალები აქაც დასახვეწი. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ძლიერია ჰუმანიტარულ საგნებში და არ შეუძლია ტექნიკური საგნების კარგად ათვისება ან პირიქით. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა მისი მომავალი პროფესიის გათვალისწინებით აირჩიოს საატესტატო გამოცდებზე ჩააბარებს ტექნიკურ საგნებს თუ ჰუმანიტარულ საგნებს“.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაკიანის თემის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქარჩავა:
„ვფიქრობ, საატესტატო გამოცდები ძალიან მნიშვენელოვანია ბავშვებისთვის და ის აუცილებლად უნდა ჩატარდეს მეთორმეტე კლასის ბოლოს. რადგან ბავშვები ემზადებიან და ცდილობენ, ამ გამოცდებისთვის მეტი ისწავლონ“.
ვახტანგ ფირცხელავას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნონა თოდუა:
„ვფიქრობ, ეს არის განათლების სისტემაში დანერგილი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც ტარდება ძალიან მაღალ დონეზე და უხარვეზოდ. ბავშვები არიან მეტად მოტივირებულები. იციან, რომ წლის ბოლოს გამოცდა აუცილებლად ელოდებათ, სადაც ვერავინ დაეხმარებათ და რჩებიან საკუთარი თავის ამარა და ეს ბავშვზე ძალიან მოქმედებს და მთელი წლის განმავლობაში არიან მობილიზებული და სწავლობენ უკეთესად, რაც თავისთავად აისახება სასწავლო პროცესზე“.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედა ჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ბარამია:
„ვფიქრობ, საატესტატო გამოცდები ძალიან კარგია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც უჩნდებათ მოტივაცია იმეცადინონ მოსალოდნელი გამოცდებისთვის. ყველა საგანს თანაბრად კარგად ვერ სწავლობენ ბავშვები, მაგრამ ეს გამოცდები არის ერთგვარი მოტივაცია იმის, რომ ყველა საკითხში და ყველა საგანში გარკვეულწილად იყოს მოსწავლე გარკვეული“.