როდის აუნაზღაურდებათ მოსწავლეებს გაცდენილი საათები?! - განათლების მინისტრის განცხადება
15-01-2019

მოსწავლეები გაცდენილ მასალას სასწავლო პროცესის განახლების შემდგომ აინაზღაურებენ. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, სკოლებში სწავლის დაწყების ერთი კვირით გადადება ვირუსების გავრცელებას უკავშირდება. 

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას, რომელიც ვირუსების გავრცელებას ეხებოდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაიდოს. ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არის ყველაზე მთავარი, ასევე მნიშვნელოვანია, პედაგოგების ჯანმრთელობა. ამ პერიოდის განმავლობაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდება, დაუბრუნდებიან ჩვენი მოსწავლეები სკოლას და გაცდენილი მასალის ანაზღაურებას შეძლებენ“, – აცხადებს განათლების მინისტრი. 

როგორც განათლების სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, სკოლებმა, საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებით თავად უნდა გადაწყვიტონ 15-18 იანვრის დღეებში დაგეგმილი გაკვეთილების აღდგენის განრიგი სასწავლო სემესტრის დასრულებამდე.

„განათლებისა მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასკოლო საათობრივი ბადე: განსაზღვრავს საგნის/საგნების წლიური ჯამური საათების რაოდენობას; მოიცავს თითოეული კლასის ყოველდღიური გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს კვირის რომელ დღეს, რა თანამიმდევრობით და დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება. 

ამავე გეგმის 56-ე მუხლის თანახმად, საათობრივი ბადე განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული და წლიური დატვირთვის ოდენობას კლასების, სემესტრების და საგნების მიხედვით. ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის მე-10 თავი იმპერატიულად განსაზღვრავს კონკრეტულ საგნებში საათების საერთო ჯამურ რაოდენობას. 

ვინაიდან, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდა 18 იანვრის ჩათვლით, თითოეულ საგანში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საათების სავალდებულო რაოდენობის ჩატარების მიზნით, რეკომენდირებულია სასკოლო საათობრივ ბადეში ცვლილებების შეტანა. რეკომენდებულია სკოლებმა, საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებით თავად გადაწყვიტონ 15-18 იანვრის დღეებში დაგეგმილი გაკვეთილების აღდგენის განრიგი სასწავლო სემესტრის დასრულებამდე“,-ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვარს აღარ განახლდება - განათლების სამინისტროს განცხადება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203