მედიცინის დოქტორი, პედიატრი
თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე „ღორის გრიპსა“ და პრეპარატ „ტამიფლუზე“ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:
„რა არის „ტამიფლუ“?უკანასკნელ დღეებში გრიპის ვირუსის გავრცელებასთან ერთად ყველაზე ხშირად, ალბათ, ამ მედიკამენტის სახელი გესმით - „ტამიფლუ“.
ბევრი პაციენტის დედა მეკითხება, რა არის ეს პრეპარატი, შეიძინოს თუ არა და მისცეს თუ არა ის პატარას ექიმის გარეშე. ამიტომ დღეს სწორედ „ტამიფლუზე“ მინდა გიამბოთ.
მაშ, ასე, რა არის „ტამიფლუ“?
პირველ რიგში, გვახსოვდეს, „ტამიფლუ“ არ არის ხველის და სიცხის წამალი და არც ყველა ე.წ გაციების დროს ინიშნება!
„ტამიფლუ“ ანტივირუსული მედიკამენტის სავაჭრო დასახელებაა.მის მოქმედ ნივთიერებას გაცილებით რთული სახელი აქვს - ოსელტამივირი.
პრაქტიკულად, თვითონ ოსელტამივირს არ აქვს ანტივისრული მოქმედება. ორგანიზმში ის გარდაქმნის პროცესებს გადის, რის შედეგადაც მიიღება აქტიური მოქმედი ნივთიერება - ოსელტამივირის კარბოქსილატი.
სწორედ მას აქვს ანტივირუსული ეფექტი თრგუნავს რა ნეირამინიდაზას აქტივობას. შეგახენებთ, ნეირამინიდაზა არის ცილა გრიპის უჯრედის ზედაპირზე, რომელიც ხელს უწყობს გრიპის ვირუსის შეჭრას ადამიანის უჯრედებში.
შედეგად, „ტამიფლუ“ ხელს უშლის გრიპის ვირუსის ზრდასა და გამრავლებას ადამიანის ორგანიზმში, რითაც ამცირებს გრიპის დაავადების ხანგრძლივობას, მის სიმძიმეს და გართულებების სიხშირეს.
პრეპარატის მიღება დაავადების დაწყებიდან პირველ 48 საათში იწყება.
თუმცა „ტამიფლუს“ გამოყენება ყველა შემთხვევაში არ არის საჭირო.
„ტამიფლუს“ მხოლოდ ექიმი ნიშნავს შესაბამის რისკ-ჯგუფებში და აუცილებლად მკაცრად ჩვენების მიხედვით.
აი, ეს რისკ-ჯგუფები:
პაციენტი 1-დან 5 წლამდე
პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკის
პაციენტი თანმხლები დაავადებებით:
ფილტვის ქრონიკული დაავადებები ან ასთმა, რომელიცმედიკამენტითაა ნამკურნალები ბოლო სამი წლის განმავლობაში
• გულის დაავადებები
• დიაბეტი ან სხვა მეტაბოლური დარღვევები
• ღვიძლის ქრონიკული დაავადებები
• ცისტური ფიბროზი
• ნევროლოგიური დარღვევები
• ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია
• ორსულობა
• იმუნიტეტის დეფიციტით მიმდინარე მდგომარეობები
შეგახსენებთ, რა შემთხვევებში უნდა იქნეს მიტანილი ეჭვი H1N1 ვირუსით გამოწვეულ გრიპზე: პირი, რომელსაც მწვავედ განუვითარდა შემდგომი სიმპტომები:
• ცხელება > 38 და გრიპისმაგვარი დაავადებების ნიშნები (ერთი ან მეტი ჩამოთვლილთაგან: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი/ცხვირის გაჭედვა, ღებინება/ნაწლავთა მოქმედების გახშირება) ან სასუნთქი სისტემის მძიმე ინფექციური დაავადება მიმდინარე ქოშინით ან სუნთქვის უკმარისობით, როცა სხვა მიზეზი არ არის დადგენილი
ასევე პირი, რომელსაც აქვს ცხელება და სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნები და ცნობილია, რომ კონტაქტში იყო გრიპით დაავადებულთან.
ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარებს, მეგობრებო!“