ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის ჯანმრთელობაზე, როდესაც სკოლას ექიმი არ ჰყავს - დირექტორები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ
11-01-2019

სკოლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს მოსწავლეებისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მოსწავლეებში ჯანმრთელობის საფრთხის დადგომის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება, ინფექციური/ვირუსული დაავადებების პრევენცია, სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა და დროული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. 

საინტერესოა, არის თუ არა ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლაში პირველადი დახმარების აღმოჩენის საშუალება, ჰყავს თუ არა სკოლებს პირადი ექიმი და ვინ იღებს პასუხისმგებლობას ბავშვის ჯანმრთელობაზე, როდესაც ის დღის ძირითადად ნაწილს სკოლაში ატარებს - ამჯერად, აღნიშნულ საკითხზე etaloni.ge აჭარის ორი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის - ხელვაჩაურის და ქედის სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექტორი ქიშვარდ გორგოშაძე:

„სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაში ექიმი არც გვყავს და არც არასოდეს გვყოლია. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი მე ვარ პირადად და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ ვუმკლავდებით პრობლემას და ბავშვი არის ცუდად, ვიძახებთ სასწრაფოს. სკოლა ვაუჩერულ დაფინანსებაზეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირადად უნდა დავამატოთ კადრი საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ფინანსების სიმცირის გამო ეს შეუძლებელია“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი შაკიკაძე:

„ჩვენს სკოლაში არც ექიმია და არც ექთანი. ვართ მცირეკონტიგენტიანი სკოლა და საჭიროების შემთხვევაში, სოფლის ექიმის დახმარების იმედად ვართ. ნებისმიერ დროს ვურეკავთ და ჩვენს გვერდითაა“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მზიური შავაძე:

„სამინისტროს ზოგადი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში სკოლაში გვყავს ექიმი, რომელიც უკვე ორი წელია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, მაგრამ ხშირად არის შემთხვევა, რომ ვერ ახერხებს მოსვლას, რადგან მუშაობს სავადმყოფოშიც. ექიმის მიმართ მოთხოვნები არის საკმაოდ მაღალი - უნდა იყოს პედიატრი, კარგი განათლებით და გამოცდილებით. სკოლაში არის ექიმისთვის გამოყოფილი ოთახი შესაბამისი აღჭურვილობით“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე:

„ჩვენი სკოლა არის პანსიონატი და ამდენად, ჩვენი სკოლის ორი პროფესიონალი ექიმი ორშაბათიდან - პარასკევამდე 24-საათიანი მორიგეობით მუშაობენ სკოლაში. მათ აქვთ ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება. გვაქვს კაბინეტი შესაბამისი და ძალიან მაღალი ხარისხის აპარატურითა და ნივთებით აღჭურვილი“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის დირექტორი ესმა ჯაფარიძე:

„სკოლაში არ გვყავს ექიმი, თუმცა, ახლოს, დაახლოებით 5-6 მეტრში არის სამედიცინო პუნქტი, რომლითაც ვსარგებლობთ. მიგვყავს ბავშვი იქ ან ვრეკავთ და ვიძახებთ ექიმს. თუმცა, სკოლაშიც არსებობს პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი, ჩვენ თვითონ რომ გავუმკლავდეთ წამოჭრილ პრობლემას. ჩვენი სკოლა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას. ვირუსებთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეკომენდაცია დეზინფექციასთან დაკავშირებით, ჩვენი სკოლისთვის არ არის უცხო ღონისძიება. ყოველი კვირის პირველ დღეს ხდება შესაბამისი დასუფთავება ქლორით და სხვა საშუალებებით“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ნიჟარაძე:

„ჩვენს სკოლას ექიმი არ ჰყავს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ვუკავშირდებით უბნის ექიმს, რომელსაც ამბულატორია სკოლის ტერიტორიაზე აქვს. პატარა სოფელია, სკოლაც არ არის დიდი და შეუძლია უბნის ექიმს დაგვეხმაროს. ამდენად, არ ვსაჭიროებთ დამატებით კადრს ექიმის სახით“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნას საჯარო სკოლის დირექტორი სერგო დუმბაძე:

„მეძიბნას საჯარო სკოლას, რომელიც არც არის ძალიან დიდი სკოლა, ექიმი არ ჰყავს. ბავშვს თუ სჭირდება, აუცილებლად ვეძახით სასწრაფოს. სკოლაში გვაქვს პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი, ისეთი აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით, რომელიც შეიძლება გახდეს საჭირო სასწრაფოს მოსვლამდე ან იმდენად მსუბუქი შემთხვევებისთვის, როდესაც სასწრაფოს გამოძახება არ არის საჭირო“.

ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბარამიძე:

„ჩვენს სკოლას უკვე დაახლოებით ორი წელია ჰყავს ექიმი, ცალკე კაბინეტით და შესაბამისი აღჭურვილობით. ჩვენი სკოლაში 183 მოსწავლეა, ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა. გარდა ამის, სკოლასთან არსებობს პანსიონი, რომელიც არის ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ. ამდენად აუცილებელიც კი არის ექიმი იყოს სკოლაში, შესაბამისი ინვენტარით. რაც შეეხება სანიტარიას და სისუფთავეს, პერიოდულად ტარდება შესაბამისი აუცილებელი ღონისძიებები. ამდენად, ყოველთვის ვცდილობთ, ყურადღებით ვიყოთ, როდესაც საქმე მოსწავლეების ჯანმრთელობას ეხება“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი ღოღობერიძე:

„ჩვენი სკოლა არის საკმაოდ პატარა. ექიმი არ გვყავს, თუმცა, სკოლასთან ძალიან ახლოს არსებობს საბებიო პუნქტი, რომლითაც სკოლასაც შეუძლია ისარგებლოს. ჩვენი სკოლა ყოველთვის ატარებს შესაბამის ზომებს ბავშვების ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ანანიძე:

„ჩვენს სკოლაში არასოდეს ყოფილა ექიმის შტატი. იშვიათად გვჭირდება ამ სახის დახმარება სკოლაში. კლასის დამრიგებელს შეუძლია პირველადი დახმარება გაუწიოს მოსწავლეს, მაგრამ უბნის ექიმის დახმარების იმედი ყოველთვის გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ვრეკავთ მასთან“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა დავითაძე:

„სკოლა არის ძალიან პატარა. სულ 10 შტატია. ამდენად, ექიმი არ გვყავს. საჭიროების შემთხვევაში, ვურეკავთ სასწრაფოს ან უბნის ექიმს, რომელიც გვეხმარება. მე პირადად მაქვს პირველადი დახმარებისთვის ნივთები: სიცხის გასაზომი, წამლები, რომელსაც ვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოს მოსვლამდე. მე პირადად ძალიან ვარ დაინტერესებული სკოლაში ჯანმრთელობის შესაბამისი ნორმების დაცვით, იქნება ეს დეზინფექცია თუ სხვა ზომები, რომლებსაც ვიღებთ საჭირო დროს. ჩვენი სკოლა, როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ პატარაა და ამდენად, უფრო ადვილია ასეთი ღონისძიებების გატარება“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მახარაძე:

„სკოლაში გვაქვს გამოყოფილი ოთახი სოფლის ექიმისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს სკოლასაც. მაგრამ როგორც ასეთი, სკოლას ბიუჯეტიდან ან საკუთარი სახსრებით პირადი ექიმი არ ჰყავს. სკოლაში ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის სადეზინფექციო სამუშაოები, ვაწვდით საჭირო საშუალებებს დამლაგებელს, რომელიც პასუხისმგებელია სისუფთავეზე“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა აბულაძე:

„ჩვენს სკოლაში ექიმი არ არის. ქედის რაიონში ეს შტატი მხოლოდ ორ სკოლაშია დაშვებული, თუმცა, ვაკანსიის გამოცხადების მიუხედავად, არც იქ არის ექიმი. შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის არცერთ სკოლაში არ არის ექიმი. ბავშვის ცუდად გახდომის შემთხვევაში, დახმარების გაწევა შესაძლებელია ამბულატორიის დახმარებით. სკოლაში გვაქვს სამედიცინო ყუთი, რომელიც სკოლის ბიუჯეტით იქნა შეძენილი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ბავშვების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას. ხდება სკოლაში დასუფთავება სხვადასხვა საშუალებებით“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის საჯარო სკოლის დირექტორი რემზი თურმანიძე:

„ორცვის საჯარო სკოლას ექიმი არც ახლა ჰყავს და არც აქამდე ჰყოლია, როდესმე. მაგრამ თუ ბავშვს სჭირდება, აქ არის უბნის ექიმი. ფუნქციონირებს საბებიო პუნქტი, რომლითაც ჩვენს შეგვიძლია ვისარგებლოთ. სკოლას გვაქვს სამედიცინო ყუთი, რომელიც სკოლის ხარჯებით შევიძინეთ და ვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში. ბოლო პერიოდში გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციას ჩვენც, რა თქმა უნდა, შესაბამისად ვეხმაურებით. ჩვენი დამლაგებლები შესაბამისად, მოაწესრიგებენ სკოლის ტერიტორიას. არა მარტო ახლა, ადრეც დიდი ყურადღება ექცეოდა სისუფთავეს დაცვას და ახლაც ცხადია, განსაკუთრებულ ყურადღებას გამოვიჩენთ ამ კუთხით“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203