რა სჭირდებათ მასწავლებლებს პროფესიული ზრდისთვის - დირექტორების აზრი
12-01-2019

რა საშუალებებით არის შესაძლებელი პედაგოგთა პროფესიული ზრდისთვის ხელშეწყობა, რას ფიქრობენ დირექტორები და რის გათვალისწინებას სთხოვენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ამჯერად აღნიშნულ თემაზე etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს ესაუბრა.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი ლია მიქელაძე:

„ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელთა პროფესიული ზრდის კუთხით, არის უფრო მეტი საგნობრივი ტრენინგი, რომელშიც ყველა პედაგოგი შეძლებს ჩართვას. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, დაიგეგმოს სხვადასხვა პროექტები და კვლევები პედაგოგების მონაწილეობით. ვფიქრობ, გამოცდები ძალიან კარგია ამ კუთხით, თუმცა, აქ არსებობს ერთი პრობლემა. არიან მასწავლებლები, რომლებიც არ ასწავლიან ზედა საფეხურს და გამოცდებზე გასული საბაზო საფეხურის პედაგოგი ძალიან დაჩაგრულად გრძნობს თავს, რადგან მათ არ აქვთ შეხება მაღალ კლასებთან და გამოცდაზე უწევთ მაღალი საფეხურის მასალის ჩაბარება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება ეს გამოცდები იყოს შესაბამისი საფეხურების მიხედვით“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის დირექტორი მურმან ზაქარაძე:

„გამოცდებთან მიმართებაში მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. საჭიროა ბევრი დეტალი განიხილოს და მეტად დაიხვეწოს. არსებობს დაკვირვების გაკვეთილი, რომელიც რეალურ სურათს არ გვაძლევს, რადგან ამ დაკვირვებისთვის მზადდება გაკვეთილი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება შევაფასოთ პედაგოგი. ვფიქრობ, გამოცდებისა და ტრენინგების გარდა, მასწავლებელთა პროფესიულად გაზრდის მიზნით, კარგი იქნებოდა სამინისტრო, ასე ვთქვათ „ამოწმებდეს“ გაკვეთილებს, რაიმე მოხერხებული მეთოდებით, მასწავლებელთა დახმარების, განვითარებისა და მეთოდოლოგიის დახვეწის მიზნით“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის დირექტორი მურმან კონცელიძე:

„სამინისტროს მხრიდან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით. ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები დიდ როლს თამაშობს და დადებითად ისახება პედაგოგთა განვითარებაზე. მასწავლებლის პროფესიულ ზრდას ძალიან უწყობს ხელს ურთიერთთანამშრომლობა და პედაგოგთა შორის აზრთა გაზიარება. მნიშვნელოვანია ასევე გამოცდები, რომლისთვის მზადებაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს მასწავლებლის გაზრდას“.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ბერიძე:

„ძალიან კარგია, როცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგები ტარდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს ტრენინგები არასასწავლო პერიოდში იგეგმება. ვფიქრობ, დადებითად აისახება სასწავლო გარემოზე თუ ეს ტრენინგები დაიგეგმება ყველა საგანში. მხოლოდ ტექნიკურ საგნებში ტრენინგები არ არის საკმარისი. სამწუხაროა, რომ გამოცდები დიდად ვერ უწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. არიან პედაგოგები, რომლებსაც მაქსიმალური ქულა აქვთ გამოცდებში, მაგრამ სასწავლო პროცესში არ აქვთ შესაბამისი წარმატებები“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის დირექტორი ასან ბერიძე:

„მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მიზნით, ხშირად იგეგმება ტრენინგები, რომლებიც არის საგნობრივი, პროფესიული. ეს ტრენინგები, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მასწავლებლისთვის, ხელს უწყობს მასწავლებლის განვითარებას არაერთი კუთხით. რაც შეეხება გამოცდებს, ეს მნიშვნელოვანია მასწავლებლის ზრდისთვის. თუმცა, შესაძლებელია ადამიანს არ ჰქონდეს სერტიფიკატი, მაგრამ იყოს პროფესიონალი. ამდენად, გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიგვითითებს საგნის ცოდნაზე, თუმცა, არა პროფესიონალიზმზე“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ომარ ბოლქვაძე:

„ვფიქრობ, მასწავლებელს პროფესიონალად ზრდის ტრენინგები, რომელიც ყველა მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, უფრო მეტად ამ ტრენინგებში ჩართვას ქალაქში მცხოვრები პედაგოგები ახერხებენ, ვიდრე სოფლის სკოლის მასწავლებლები. ვიმედოვნებ, მიმდინარე წელს უფრო მეტი ტრენინგი იქნება. თითქოს, გამოცდები დიდ როლს უნდა თამაშობდეს მასწავლებლის პროფესიულ ზრდაზე, თუმცა, მაინცდამაინც დადებითად მოქმედებს-თქო, ვერ ვიტყვი“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის ზეინაბ წულუკიძე:

„სამინისტრო ძალიან უწყობს ხელს ამ კუთხით მასწავლებლებს. ტრენინგების, კონფერენციებისა და გამოცდილების გაზიარების სახით. მთავარია, თვითონ მასწავლებლები აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესებში. ხშირად სოფლის სკოლების პედაგოგები უკმაყოფილებას ამოხატავენ იმის თაობაზე, რომ ისინი ქალაქის სკოლის პედაგოგებთან შედარებით, ნაკლებად ახერხებენ ტრენინგებში ჩართვას. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ პედაგოგმა მოინდომოს განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, გამოცდები, რომლის ჩაბარების მიზნითაც პედაგოგი, კიდევ ერთხელ აქტიურად ეცნობა საკუთარ საგანს და ცდილობს მეტი ისწავლოს და ამ კუთხითაც გაიზარდოს“. 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი შავიშვილი:

„პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს ტრენინგები და შეხვედრები კოლეგებთან - სხვადასხვა რეგიონის პედაგოგებთან, გამოცდილების გაზიარება. ასევე, მნიშვნელოვანია გამოცდები, რომელიც მართალია პედაგოგის პროფესიონალურ ზრდას ვერ განაპირობებს, მაგრამ გარკვეულწილად ხელს უწყობს პედაგოგის ცოდნის დონის გაზრდას“.

ქედის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი თინა ცეცხლაძე:

„შემიძლია საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით გითხრათ, რომ ტრენინგები დიდ როლს თამაშობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდაზე. ტრენინგზე მოსმენილი თეორიული მასალის გარდა, პედაგოგი ასრულებს პრაქტიკულ დავალებებს. აი, ამ დავალებების მიმართ პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც სერთიფიკატის არ არსებობის მიუხედავად, არიან უმაღლესი მასწავლებლები. ამდენად ვფიქრობ, გამოცდები მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც არ განსაზღვრავს პედაგოგთა პროფესიონალიზმს. ალბათ, სჯობს, მასწავლებელმა ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი და არ ჰქონდეს სერტიფიკატი, ვიდრე პირიქით - ჰქონდეს სერტიფიკატი, მაგრამ არ შეეძლოს სრულფასოვანი გაკვეთილის ჩატარება“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი ზეინაბ ბერიძე:

„ვფიქრობ, მასწავლებელს პროფესიულ ზრდაში ხელს შეუწყობს სამუშაო შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება. უკვე გამოყენებული, აპრობირებული მეთოდების გაზიარება სხვა პედაგოგებთან და ამ მეთოდების დანერგვა. გამოცდები არსებული ცოდნის შემოწმებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ისეხმარება მასწავლებელს პროფესიულად ზრდაში“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ნინიძე:

„ტრენინგები მე ძალიან მომწონს. მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს ტრენინგები არ ხორციელდება ყველა საგნის პედაგოგისთვის. ძალიან უნდათ მასწავლებლებს, ჩაერთონ ტრენინგებში, მოისმინონ, ისწავლონ, განვითარდნენ, მაგრამ კონკრეტულ საგნებში საერთოდ არ არის მსგავსი ტიპის შეხვედრები. უკეთესი იქნებოდა, ტრენინგები იყოს ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომი და უფასო. არ ვთვლი, რომ მასწავლებლის ჩამოყალიბებაში გამოცდებს რაიმე მნიშვნელობა აქვს. გამოცდები მხოლოდ იმისთვის არის კარგი, რომ მასწავლებელი მეცადინეობს და იზრდება ცოდნის დონე, მაგრამ ეს არ ნიშნავს პროფესიონალიზმს“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ ბეჟანიძე:

„ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგის პროფესიული ზრდისთვის, თუმცა, ეს ტრენინგები არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. უკეთესი იქნებოდა, ცოტა სხვანაირად იყოს ის დაგეგმილი. ვფიქრობ, ეს ტრენინგები ტარდება, ასე ვთქვათ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, საჩქაროდ და სწრაფად - დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე. მასწავლებელი ვერ მოისმენს ამას. ძნელად გასაგებია, იღლება მასწავლებელი. რაც შეეხება გამოცდებს, ვფიქრობ გამოცდები სრულიად არ მოქმედებს მასწავლებლის განვითარებაზე. მასწავლებლის ხარისხი უნდა განისაზღვროს სკოლაში მიღწეული შედეგებით. რადგან შესაძლებელია მასწავლებელს გამოცდაზე მოუწიოს რაღაც საკითხი, რომელიც შეიძლება იმ მომენტში ვერ გადმოსცეს კარგად და შესაბამისი ქულა ვერ მიიღოს“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ჯაფარიძე:

„ვფიქრობ, გადამზადების ტრენინგები კარგად მოქმედებს. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრები გამოცდილ მასწავლებლებთან და მათი გამოცდილების გაზიარება. ამ ყველაფრის შემდეგ კი აუცილებელია გამოცდები, რათა მასწავლებელმა დაადასტუროს კომპეტენცია“.

დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თავდგირიძე:

„მასწავლებელთა განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია გაგრძელდეს ის ტრენინგები, რაც აქამდე იყო. ასევე მნიშვნელოვანია გამოცდები, რომელიც სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203