თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩვენ ვზრუნავთ სასკოლო გარემოზე“ განახორციელეს
21-01-2019
თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ინა მეცხვარიშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჩვენ ვზრუნავთ სასკოლო გარემოზე“ განახორციელეს. პროექტის განხორციელებისას მოხდა ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების ინტეგრირება.
კლასის ხელმძღვანელის თქმით, მოსწავლეებმა არაერთი ჭკვიანური სლოგანი მოიფიქრეს. მათ შორის - „ჩაყარეთ ნაგავი სანაგვეში და გაუფრთხილდით გარემოს!“, „ძირს ნუ დაყრი ნარჩენებს, თორემ, სეირს გაჩვენებ!“, „დაიცავით სისუფთავე! ნაგავი აბინძურებს გარემოს!“, „ნაგავს აქ თუ ჩაყრი, სკოლაში არ დაყრი!“, „სისუფთავე ჩვენი ჯანმრთელობაა!“, „ნაგვის ურნა: მაჭამეთ, მშია!“, „ნაგავი სანაგვეში!“, „არ დააბინძურო!“.
„გვიხარია, როდესაც ნაგვით ივსება ურნები და არა სკოლის დერეფნები, ვცდილობთ, სასკოლო გარემო უკეთესი გავხადოთ! ჩვენ ერთად ბევრი შეგვიძლია!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. მესამეკლასელებმა პედაგოგის დახმარებით ასევე ვიდეომიმართვები ჩაწერეს. მათ არგუმენტირებულად მოუწოდეს თანატოლებს, თანასკოლელებს და საზოგადოებას, რომ არ დააბინძურონ გარემო. იხილეთ ფოტოები