რას ფიქრობენ დირექტორები მასწავლებელთა კრედიტქულების დაგროვების სისტემის გაუქმებაზე
21-01-2019
​მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლები კრედიტქულების დაგროვების ნაცვლად, გამოცდას ჩააბარებენ. 

მისი თქმით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შეფასების შემდეგ წარმოჩინდა, რომ მასწავლებლები გახვეულები იყვნენ ბიუროკრატიაში და დაკავებულები იყვნენ საბუთების მომზადებით და ატვირთვით, ბავშვი კი ყურადღების მიღმა რჩებოდა.
 
etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა და გაიგო მათი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კუპრეიშვილი: 

„ვფიქრობ, რომ დაინტერესება პედაგოგების მხრიდან, კრედიტქულების დაგროვების კუთხით, ნამდვილად ძალიან მაღალია და შესაბამისადაც მუშაობენ ისინი. ეს სისტემა ძალიან დადებითად მოქმედებს პედაგოგის პროფესიულ ზრდაზე და ჩემი აზრით, არ არის საჭირო ამის გაუქმება“.  

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ჯიჯელავა: 
 
„ჩემი აზრით, გამოცდა უფრო ეფექტური იქნება, რადგან ამ რეჟიმში პედაგოგი ცოდნას უფრო გაიღრმავებს. ასევე ბავშვისთვისაც მეტი დრო ექნება. კრედიტქულების დაგროვების რეჟიმში პედაგოგი მაინც უფრო მუშაობდა ინდივიდუალურად და დაკარგული ჰქონდა კონტაქტი მოსწავლესთან. ამდენად, კრედიტქულის დაგროვება მეტ დროს ართმევს პედაგოგს და სჯობს ამ ყველაფრის გარეშე პირდაპირ გამოცდებზე გავიდეს ის და დანარჩენი მთელი დრო დაუთმოს ბავშვს“.       
 
ხაშურის N5 საჯარო სკოლის დირექტორი მედეია კაპანაძე-ავალიშვილი: 
 
„მე ვფიქრობ, რომ ამ სისტემის გამო მეტი დრო ეხარჯება მასწავლებელს. მართალია მასწავლებელი უნდა განვითარდეს, მაგრამ ამისთვის სხვა მეთოდები შეიძლება არსებობდეს. ახლა უკვე იფიქრებს პედაგოგი კარიერულ ზრდაზე და ამასთანავე, ექნება მეტი დრო მოსწავლეებისთვის. ვფიქრობ, უკეთესი იქნება კრედიტქულების დაგროვების გარეშე პედაგოგი პირდაპირ აბარებდეს გამოცდას“.       

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა: 
 
„მე თავად მენტორი მასწავლებელი ვარ და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. რადგან კრედიტების დაგროვების პროცესში, რატომღაც მგონია, რომ კადრს მიღმა გვრჩებოდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - მოსწავლე. მასწავლებელი მთლიანად იყო დამოკიდებული კრედიტების დაგროვების სისტემაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ გამოცდა არის ძალიან კარგი საშუალება, რომ მასწავლებელმა აიმაღლოს სტატუსი. ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, დადებითად აისახება ყველაფერზე“.        
 
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე: 
 
„ის რაც წავიკითხე და რაც მოვისმინე, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს, იმიტომ, რომ მასწავლებელი მეტად იქნება ბავშვისკენ ორიენტირებული და ეცდება პროფესიულადაც გაიზარდოს. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ შრომასთან და რაღაცა „ქაღალდომანიასთან“ იყო დაკავშირებული. კარგი ის არის, რომ ის, ვისაც დაწყებული აქვთ  კრედიტქულების დაგროვება, შეუძლიათ მიიყვანონ ბოლომდე. ხოლო დანარჩენები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას. ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, არის ნამდვილად ძალიან კარგი, რაც პოზიტიურად აისახება მომავალში ბევრ რამეზე“.     
  
ზესტაფონი N7 საჯარო სკოლის დირექტორი მარეხ ქათამაძე: 
 
„მასწავლებლები უნდებოდნენ კრედიტქულების დაგროვებას და სასწავლო პროცესი, მაინც ასე თუ ისე, უყურადღებოდ რჩებოდა. ასე, რომ თუ გაუქმდება და შევა ძალაში ეს გადაწყვეტილება მასწავლებელსაც მეტი დრო ექნება მოსწავლისთვის და ეს თავისთავად ცხადია დადებითად აისახება მოსწავლეზე“.      
 
ქალაქ წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ბელქანია: 
 
„მე ამ შემთხვევაშიც აქცენტს გავაკეთებდი მოსწავლეზე და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება მათზე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სისტემის მოშლის შემთხვევაში მასწავლებელს მეტი დრო დარჩება ბავშვისთვის, თუმცა, ჯერ ეს ინფორმაცია სრულყოფილად არ არის ცნობილი ჩვენთვის, ამდენად შეუძლებელია ასე აზრის დაფიქსირება“.  
      
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ნადირაძე: 
 
„სამინისტროს ინიციატივებს ყოველთვის ვიზიარებ, რადგან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ყოველთვის მასწავლებლისთვის სასარგებლოდ კეთდება. რამდენადაც ვიცით, ყველას შეუძლია დაასრულოს კრედიტების დაგროვება, ხოლო დანარჩენებს შეუძლიათ ძალიან მარტივად ჩააბარონ გამოცდები და აიმაღლონ კვალიფიკაცია“.      
 
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გათენაშვილი: 
 
„კრედიტქულები კარგი იყო იმ მხრივ, რომ მასწავლებლები ნამდვილად გააქტიურდნენ, თუმცა, მეორეს მხრივ, ისინი მთლიანად მოწყდნენ სასწავლო პროცესს და იყვნენ ორიენტირებული ბიუროკრატიული დოკუმენტაციის შექმნაზე. 2010 წლიდან მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მასწავლებელმა უნდა შეძლოს მისი კომპეტენციის დადასტურება. რადგან, პირველ რიგში მას უნდა ჰქონდეს ცოდნა და შემდეგ იზრუნოს მოსწავლის სხვა უნარების ჩამოყალიბებაზე“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203