წალენჯიხელი პედაგოგის ლექსი გაუქმებულ კრედიტქულებზე - „ნეკროლოგი სქემას“
24-01-2019
თამარ ხარიტონაშვილი წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის პედაგოგია. ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებას ასწავლის. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად მასწავლებელი პოეზიითაა გატაცებული. სწორედ ამ სიყვარულმა გადააწყვეტინა მას შეექმნა ლექსი პედაგოგებისთვის ამ დროისთვის „ყველაზე ცხელ თემაზე“, მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემის გაუქმებაზე

„უკვე ხუთი წელია, რაც სკოლაში ვმუშაობ. ვარ უფროსი მასწავლებელი. პედაგოგებს სტატუსის ამაღლებაში სქემა ძალიან დაგვეხმარა. ჩვენთვის ეს იყო ერთგვარი მოტივაციის ამამაღლებელი, ვგეგმავდით სახალისო აქტივობებს და რა თქმა უნდა, კრედიტქულების მოგროვებაში გვეხმარებოდა“ - აღნიშნა თამარმა etaloni.ge-სთან საუბრისას. 

მისი თქმით, ლექსის დაწერის იდეა თავისით მოვიდა. გეგმაში არ ჰქონია, რომ კრედიტქულების გაუქმებას პოეზიას დაუკავშირებდა, თუმცა მუზა გამოჩნდა და ასე შეიქმნა „ნეკროლოგი სქემას“. 

„სიახლეებს მივესალმები, თუმცა ვფიქრობ, რომ რაიმე სხვა ალტერნატივის გამოძებნაც შეიძლებოდა გამოცდებთან დაკავშირებით. სქემა საქმეს გვიმარტივებდა“. 


ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ინიციატივა ვინმეს პოეტური შთაგონება გახდებოდა, თუმცა დაგვეთანხმეთ, რომ პოეზია გრძნობებისა და ემოციების გადმოცემის საუკეთესო გზაა...

ნეკროლოგი სქემას 

„ო, სქემავ ჩემო, საბრალო სქემავ, 
შენ ჩვენო ფიქრო, დარდო და ლხენავ, 
შენ, ჩვენი შრომის დიდო ალამო, 
შენ, დარდთა ჩვენთა ტკბილო მალამო, 
შენ, ფიქრო ჩვენთა - უფროს, უმცროსთა. 
შენ ერთი შემრჩი სტატუსის პირთან. 
ჯგუფის წევრს ათასს, მეგობარს ათასს, 
კრიტიკოსს, მართალს, პრაქტიკოსს, უფროსს, 
მენტორს და წამყვანს, დაშორდი, მორჩა, 
ყველა მოთავდა, მშვიდობა უთხარ 
ყველა მოკვდავთა, 
შენ ყველას იმედს, 
შენ ყველას ძალას, 
შენ - ერთს, 
შენ ვერ გთმობთ სამარის კარად. 
თუ რამ ჩვენ გვწამდა, 
თუ რამ ჩვენ გვწვავდა, 
წინსვლაზე ფიქრი უტკბილეს წამთა, 
უტკბეს შენა ხარ, სქემავ ბატონო... 
შენ, მწარე აწმყოვ, ტკბილო წარსულო, 
შენ, ბევრის მწყემსო, კრედიტის მცველო, 
შენ, გმირთა გმირო, სქემავ ტანჯულო, 
წარსულის ძეგლო, წინ გამხედავო. 
„E school“-ში მძრომო და წინ მჭვრეტელო, 
ხალისო ჩვენო, ხან - საჭრეთელო, 
შენ, სკოლის ჰიმნო, ცრემლო მომავლის, 
შენ სკოლის სქემავ, სქემავ წარსულის. 
ხალისო ჩემო, სრბოლავ და ფრენავ, 
ეჰ, სქემავ ჩემო, საბრალო სქემავ! 
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა, 
გამოჩნდეს იქნებ, გამოცდა მხსნელად, 
დაედოს მტვერი ყველა მის ხსოვნას, 
დაედოს ფასი ნაშრომის პოვნას!“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203