„თავისი მოღვაწეობის პერიოდში სკოლა წალკოტად აქცია“ - აკეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიჭინავა გარდაიცვალა
22 იანვარს, 52 წლის ასაკში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, აკეთის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი დირექტორი მაია სიჭინავა მოულოდნელად გარდაიცვალა.
მაია სიჭინავა სამი ათეული წელი ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდის საქმეს და ცხოვრების მანძილზე უამრავი მშობლის მადლიერება და მოსწავლის სიყვარული დაიმსახურა.
მაია სიჭინავა მათემატიკას ასწავლიდა, 2007 წელს კი სკოლას ჩაუდგა სათავეში. კოლეგები და მეგობრები მას იხსენებენ როგორც პროფესიონალ და თავისი საქმის მოყვარულ ადამიანს.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნინო ჩიტაძის თქმით, მაია სიჭინავა ერთ-ერთი გამორჩეული დირექტორი იყო.
„მაიკო იყო ერთ-ერთი გამორჩეული დირექტორთაგანი თავისი წესიერებით, კეთილსინდისიერებით, პატიოსნებით, კომპეტენტურობითა და ადამიანურობით. სანიმუშო ადამიანი, სანიმუშო მეგობარი, სანიმუშო მასწავლებელი. დაუჯერებელია, რომ ასე ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან, უამრავი საქმე ჰქონდა დაგეგმილი, მაიკომ საოცრებები გააკეთა სკოლაში ყველა კუთხით - სასწავლო პროცესის მართვის კუთხით, მენეჯმენტის კუთხით, შენობის რეაბილიტაციის კუთხით, თავისი მოღვაწეობის პერიოდში სკოლა წალკოტად აქცია“,-აღნიშნავს ნინო ჩიტაძე.
„გამორჩეული პიროვნება იყო, რომ იტყვიან, გამორჩეულთა შორის გამორჩეული, ძალიან ჭკვიანი, უნიჭიერესი. ყოველთვის ცდილობდა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონოდა. სკოლის ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა, ბიბლიოთეკა გაარემონტა, წიგნებით შეავსო. ძალიან მეგობრული იყო და ძალიან შეკრული კოლექტივი ჰყავდა, ოჯახის წევრებივით ვიყავით. მოსწავლეებსაც განსაკუთრებულად უყვარდათ, დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა“,-ამბობს აკეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ინგა სალუქვაძე.
Etaloni.ge თანაგრძნობას უცხადებს სკოლას და გარდაცვლილის ოჯახს.