ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა და ზამთრის ბანაკის საგზური მოიპოვა
24-01-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლემ ამირან მაჭარაშვილმა შემოდგომის სეზონის „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა. სკოლის აღსაზრდელმა სამივე ტური წარმატებით გაიარა და დიპლომი და წყალტუბოში ზამთრის ოთხდღიანი ბანაკის საგზური მოიპოვა.
სკოლის აღსაზრდელი წყალტუბოში 20 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბანაკში ცხოვრება ამირანისთვის ძალიან საინტერესო და სასწავლო აქტივობებით დატვირთული იყო.
„მოსწავლეები მონაწილეობდნენ ჯგუფებში, სხვადასხვა აქტივობებში, დგამდნენ ცეკვებს, სპექტაკლებს, ახორციელებდნენ სასწავლო აქტივობებს, ტარდებოდა სასწავლო ტრენინგები. კერძოდ, ამირანის ჯგუფმა ერთჯერადი ჩხირებით, თეფშებითა და ჭიქებით ფაროსანას დასაჭერი მოწყობილობა შექმნა. ამირანისთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო ეს დღეები, ბანაკის ცხოვრება, ჩატარებული ტრენინგები, იქ გაცნობილი მეგობრები, რომლებთან ურთიერთობას აგრძელებს. ბანაკში აქტიური ჩართულობისათვის იგი კვლავ დაჯილდოვდა დიპლომებით და სერთიფიკატით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.