ვინ არის სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ხელფასზე 125 ლარი ემატება
26-01-2019

მანდატური საჯარო სკოლების 85%-ს მოემსახურება, დანარჩენ 15%-ში კი იქნება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადდება.

დღეის მდგომარეობით, სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი 129 მცირეკონტიგენტიან სკოლაშია გამოყოფილი.

როგორც მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ etaloni.ge-ს განუცხადა, სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა სკოლის ადმინისტრაციიდან ხდება და მას თითქმის, იგივე ფუნქცია აქვს რაც მანდატურს.

„იქ სადაც მანადატურის ინსტიტუტი არ იქნება წარმოდგენილი, იქნება სკოლის მიერ სკოლის ადმინისტრაციიდან გამოყოფილი თანამშრომელი, რომელიც სკოლის უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს. სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს თემატურად იგივე ფუნქცია ექნება, რაც მანდატურს. მართალია, ისინი არ გაივლიან 2-თვიან კურსებს, მაგრამ თემატურად იგივე ნაწილში გადამზადდებიან 2-კვირიანი კურსით ჩვენი სამსახურის მიერ. იქ, სადაც მანდატურები იქნებიან წარმოდგენილნი მოსწავლეთა დიდი კონტიგენტი იქნება, ხოლო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები 2020 წლის ბოლოს მხოლოდ მცირეკონტიგენტიან სკოლებში იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ერთ სკოლაში ერთი ასეთი პირი იქნება“,-განაცხადა მანდატურის სამსახურის უფროსმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს ანაზღაურებაზე 125 ლარი ემატება.

იხილეთ ასევე: რა ცვლილებები შედის მანდატურის სამსახურის ფუნქციებში - განათლების სამინისტრო „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის შესახებ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203