„საატესტატო გამოცდების გაუქმება ბავშვებს სკოლისკენ მოაბრუნებს და რეპეტიტორებთან აღარ ივლიან“ - დირექტორების შეფასებები
29-01-2019

2020 წელს საატესტატო გამოცდების გაუქმება იგეგმება. მე-11 კლასის მოსწავლეებს  სკოლის გამოსაშვები გამოცდები წელსვე მოეხსნებათ, წლევანდელ აბიტურიენტებს კი დარჩენილი ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაანონსებულმა სიახლემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მოსწავლეებში.  საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების მოთხოვნით, ბათუმში სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეების ნაწილმა საპროტესტო აქციები გამართეს. საპროტესტო აქცია, 3 თებერვალს თბილისში მცხოვრებმა მე-12 კლასის მოსწავლეებმაც დააანონსეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge საქართველოს სხვადასხვა რაიონის გამორჩეულ დირექტორებს დაუკავშირდა და მოსაზრების დაფიქსირება სთხოვა: 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა ყველაშვილი: 

„ვფიქრობ, რომ თუ მეთერთმეტეკლასელებს მოეხსნათ გამოცდები, მაშინ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვისაც უნდა გაეუქმებინათ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ნაწილობრივაა სამართლიანი. პროტესტს რაც შეეხება მოსწავლეებს, აქვთ ამის უფლება და საკმაოდ სამართლიანადაც. ჩემი სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ მეთერთმეტეკლასელები აღფრთოვანებითა და დიდი სიხარულით შეხვდნენ ახალ მოდელს, მეთორმეტეკლასელებმა კი საკუთარი აზრი დააფიქსირეს და გააპროტესტეს კიდეც. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ატესტატის გაცემის უფლება აკადემიური მოსწრების საფუძველზე უნდა ხდებოდეს და ამის საშუალება სკოლას უნდა ჰქონდეს“. 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ სირბილაძე: 

„ჩემი აზრით, ეს გამოცდები არც მე-11 კლასში უნდა გაუქმებულიყო და არც მე-12-ში. გამოცდები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებდა, უფრო მეტს სწავლობდნენ და ითვისებდნენ და გამოცდების გაუქმებით კი, შეიძლება ცუდი შედეგი მივიღოთ. შესაბამისად, მოსწავლეების პროტესტიც არასწორად მიმაჩნია“. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან კაკიტაძე: 

„ჩემი სუბიექტური აზრით, მეთორმეტეკლასელებმა გამოცდები აუცილებლად უნდა ჩააბარონ, რადგან მათ ეს ციკლი დაწყებული აქვთ და ოთხი საგნის გამოცდა უკვე ჩაუტარდათ. ზოგადად გამოცდების გაუქმებას რაც შეეხება, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რადგან ეს ბავშვებს სკოლისკენ მოაბრუნებს და რეპეტიტორებთან აღარ ივლიან. ასევე, ძალიან მომეწონა საბაზო საფეხურის ათ კლასამდე გაზრდის იდეა, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესოა მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის“. 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ოქროპილაშვილი: 

„ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არათანაბარ პირობებში აყენებს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, თუმცა, მოდით, მეორე მხრიდანაც შევხედოთ მე-12 კლასის მოსწავლეებმა უკვე ჩააბარეს ოთხი გამოცდა და შესაბამისად, დანარჩენი ოთხის ჩაბარებაც უწევთ, რათა ატესტატი აიღონ. რა თქმა უნდა, ეს მოდელი უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს მეთერთმეტეკლასელებს, მაგრამ მათ გამოცდები არ ჩაუბარებიათ“. 

ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა სიორიძე: 

„ჩემთვის ეს სიახლეები და რეფორმები სრულიად მისაღებია. მე ვერ ვხედავ კატასტროფას იმაში, რომ მე-11 კლასის მოსწავლეებს გამოცდები გაუუქმდათ, რადგან ამ გამოცდების გარეშეც ჰქონდა და აქვს სკოლას ბერკეტი, თავად შეამოწმოს და შეაფასოს მოსწავლე. რაც შეეხება მეთორმეტეკლასელებს, მათ უნდა დაასრულონ დაწყებული გამოცდები და ამ ოთხი გამოცდით შეაჯამონ სასწავლო წელი“. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა ოსტარიშვილი: 

„მიმაჩნია, რომ ეს სიახლეები დიდად ვერაფერს შეცვლის, თუმცა ცალსახაა, რომ მე-12 კლასელებმა დარჩენილი ოთხი გამოცდა უნდა ჩააბარონ. ჩემს მოსწავლეებს ძალიან გაუხარდათ ეს სიახლე და არც მეთორმეტეკლასელები იყვნენ გამონაკლისები, რადგან მათ იციან, რომ ეს ოთხი გამოცდაც აუცილებლად ჩასაბარებელი აქვთ ატესტატის მისაღებად“. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირიკის საჯარო სკოლის დირექტორი ნურა ბუჩუკური: 

„გამოცდები კი არ უნდა მოიხსნას, არამედ ყველა კლასში უნდა დაემატოს - ასეთია ჩემი აზრი. ეს შეუწყობდა ხელს მოსწავლეების მოტივაციას, რათა მეტი ისწავლონ და უფრო მეტ ცოდნასაც მიიღებდნენ. რაც შეეხება, მე-12 კლასელებს, მე დიდი ხანია მათთან შეხება არ მქონია, რადგან საბაზო სკოლაში ვასწავლი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათ დარჩენილი ოთხი გამოცდა უნდა ჩააბარონ. ეს აუცილებელია“. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ონიანი: 

„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ეს საპროტესტო აქციები სრულიად მიუღებელია და თუ ვინმეს აქვს საწინააღმდეგო აზრი, მხარეებს შორის ურთიერთშეხვედრებით და გაგებით უნდა მოგვარდეს პრობლემა. რაც შეეხება გამოცდებს, მე-12 კლასელებმა აუცილებლად უნდა ჩააბარონ დარჩენილი ოთხი გამოცდა. თუ გამოცდებზე უარს ამბობენ, რის საფუძველზე უნდა მისცენ მათ ატესტატი? მიმდინარე შეფასებები და ქულები მათ კომპეტენციას ვერ დაადასტურებს. საერთოდ კი, როგორც მოქალაქეს მიმაჩნია, რომ გამოცდები არ უნდა გაუქმებულიყო. ეს იყო ერთგვარი საშუალება, მოსწავლეებს ესწავლათ და სკოლას დაბრუნებოდნენ, უფრო მეტი დაინტერესება ჰქონოდათ საგნების და ცოდნის მიმართ“. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქორიძე: 

„საატესტატო გამოცდები ელემენტარული ცოდნის ტესტირება იყო, რომელიც მართლა არ იყო რთული  და სიმართლე გითხრათ, გაუქმებით დიდი არაფერი შეცვლილა. რა თქმა უნდა, გამოცდების დაწყებული ციკლი მეთორმეტეკლასელებმა უნდა დაასრულონ. შეიძლება, ისინი ახლა დაჩაგრულად გრძნობენ თავს და არათანაბარ პირობებში არიან, მაგრამ თუ ცოდნა აქვთ, წესით დარჩენილი ოთხი გამოცდის არ უნდა შეეშინდეთ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203