განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართულებით სიახლეებს აანონსებს.
კერძოდ კი 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. სავალდებულო იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები, მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.
ამ თემასთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებმა ისაუბრეს:
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ცოცხალიშვილი:
„უნარების გამოცდის მოხსნა ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. მეც მივესალმები ამ ცვლილებას, რადგან მიმაჩნია, რომ სკოლა სრულიად უვითარებს მოსწავლეს საჭირო უნარ-ჩვევებს. მომწონს, რომ უნივერსიტეტს და აბიტურიენტს დაუტოვეს არჩევანი, ჩააბარონ ის გამოცდა, რაც სურთ და ერთ-ერთი მათგანი სწორედ უნარებია. ზოგადად, ამ ცვლილებებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ახალი მოდელი ძალიან კარგია, განსაკუთრებით კი მომწონს სიახლე გამოცდების მოხსნის თაობაზე. დროა, სკოლას უფრო მეტად გვენდონ“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ფხაკაძე:
„ეს ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლემ ხარისხიანი ცოდნა და განათლება მიიღოს. ის ფაქტი, რომ უნარების გამოცდა არჩევითია, ამ სიტუაციას არ უშლის ხელს, რადგან თავისთავად დაამატებენ ამ გამოცდას უნივერსიტეტები. მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება თუ ჩასაბარებელ თითოეულ საგანს დაემატება უნარ-ჩვევების გარკვეული სახის დავალებები, რა თქმა უნდა, ამ საგნებზე მორგებული“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდენ ნიქაბაძე:
„ის ცვლილებები, რაც ამ ეტაპზეა ჩაფიქრებული, ძალიან კარგია, მთავარია ისე განხორციელდეს რომ შედეგიც მოიტანოს. ახალი მოდელი უნივერსიტეტებს აძლევს მეტ ავტონომიურობას და თავისუფლებას. რაც შეეხება, უნარების გამოცდას, თავის დროზე ეს ნაყოფიერი ნაბიჯი იყო ჩვენს სისტემაში. მოსწავლეს ზოგადი უნარები სხვადასხვა დისციპლინებში კარგი სწავლის შემთხვევაში უვითარდება, იქნება ეს, ლოგიკური აზროვნება, წაკითხულის გააზრება თუ მათემატიკური უნარები. შესაბამისად, უნარების გამოცდა თავისუფლად შეიძლება ჩაანაცვლოს საგნობრივი მიმართულებით შედგენილმა დინამიკურ ცოდნაზე ორიენტირებულმა ტესტებმა“.
ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო უგლავა:
„სიმართლე რომ გითხრათ, ამ ცვლილების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, სავალდებულოც რომ ყოფილიყო უნარების გამოცდა, ამით არაფერი შავდებოდა, პირიქით, ეს გამოცდა მოსწავლეებს სხვადასხვა უნარს უვითარებდა, რაც ცხოვრებისთვის იყო საჭირო. ახალი მოდელის იდეის ავტორებს კი ალბათ, სხვა შემოთავაზებაც აქვთ, რომელიც სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს. ჩვენ ხომ ამისთვის ვშრომობთ და ვმუშაობთ“.
გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კოღუაშვილი:
„ამ ცვლილებას დადებითად ვაფასებ იმ კუთხით, რომ ზოგადი უნარები, როგორც საგანი, სკოლაში არ ისწავლებოდა და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მეოთხე საგანთან ერთად, გრანტის მოპოვებისას. საერთოდ, სასკოლო სისტემა და სხვა საგნები ბავშვების უნარების განვითარებას ისედაც ემსახურებოდა და ემსახურება. ამიტომ, არაფერი არაა საგანგაშო იმაში, რომ ზოგადი უნარების გამოცდა არჩევითი გახდა“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დირექტორი საულ სულაბერიძე:
„ჩემი აზრით, არ არის ცუდი ინიციატივა, თან ამით არავის უფლება არ ირღვევა, ვისაც უნდა ჩააბარებს, ვისაც უნდა - არა. ზოგადად, უნარების გამოცდებზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, თუნდაც გრანტის საკითხი და ამ ახალი მოდელით სულ სხვა პრიორიტეტები განისაზღვრა. ამავდროულად, ამ ცვლილებებით გაიზრდება სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი. დანარჩენი კი, როგორ განვითარდება, როგორ განხორციელდება ცვლილებები და რა შეიცვლება, დროის საკითხია. ამ ეტაპზე მე მინისტრისა და მისი გუნდის გადაწყვეტილებებს ვიწონებ“.
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი:
„ნამდვილად მივესალმები ამ ცვლილებას. ზოგადი უნარები, როგორც საგანი სკოლაში არ ისწავლებოდა, არადა სწორედ მისი ქულა განსაზღვრავდა გრანტის მიღება-არმიღების საკითხს. საერთოდ, ყველა საგანი აძლევს მოსწავლეს საჭირო უნარ-ჩვევებს და უვითარებს მათ, ამიტომ სწორი ნაბიჯია, რომ სხვა საგნების პრიორიტეტი გაიზარდა“.
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ფანოზიშვილი:
„სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგადი უნარების ტესტები მოსწავლის მინიმალურ ცოდნას აფასებდა, რომელსაც მოსწავლე სხვადასხვა დისციპლინის შესწავლის შედეგად იღებდა. უბრალოდ, ამ ყველაფერს ჰქონდა გამოცდის სახე და ეს იყო სტრესი, როგორც მათთვის, ისე მშობლებისთვისაც, რადგან დამატებით მეცადინეობას და ფინანსებს საჭიროებდა. განსაკუთრებით ვერბალური ნაწილის ირგვლივ ისმებოდა კითხვები, რადგან დავალებები ცოტათი გაურკვეველი იყო და მოსწავლეთა პროტესტს იწვევდა. მე მივესალმები იმას, რომ მშობლებს შეუმსუბუქდათ ხარჯები. როგორც ვიცი, ახალი მოდელის მიხედვით სხვა საგნებს უფრო დაუთმობენ დროს და ყურადღებას და სულ სხვა პრიორიტეტები დგას ჩვენს წინაშე, ამიტომ უნარების გამოცდის ცვლილებით არაფერი შავდება“.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ხაჩიძე:
„სრულიად ვეთანხმები ამ ცვლილებას. განსაკუთრებით კი ის მომწონს, რომ უნივერსიტეტსა და აბიტურიენტს არჩევანის საშუალება ექნება. თუ ვინმეს აქვს სურვილი დაადასტუროს თავისი უნარების კომპეტენცია, ის გამოცდას ჩააბარებს. ამ გამოცდის ჩაბარებისას ხშირად იჩაგრებოდნენ ის აბიტურიენტები, რომლებსაც ჰუმანიტარული ცოდნა გააჩნდათ, რადგან მათ მათემატიკური ნაწილის წერა უჭირდათ ან პირიქით, ახალი მოდელი კი ამ პრობლემას მარტივად აგვარებს“.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა სონღულაშვილი:
„მივესალმები ამ ცვლილებას, რადგან ზოგადი უნარები არ ისწავლებოდა სკოლაში, ხოლო გამოცდა აუცილებელი მოთხოვნა იყო, თან მიღებული ქულა გრანტზე მოქმედებდა. ბუნებრივია, ასეთ დროს აბიტურიენტები ცალკე ემზადებოდნენ და სკოლა კარგავდა მოსწავლეს. ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები სასიკეთოდ უნდა წაადგეს აბიტურიენტს, სკოლას და ოჯახსაც, რადგან ცალკე მომზადება ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ასევე, უნდა აღვნიშნოთ ის მოსწავლეებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ მომზადების საშუალება და შესაბამისად, ვერ აბარებდნენ გამოცდას დამაკმაყოფილებლად. ამ და სხვა ცვლილებების შემდეგ კი უფრო მეტ სიახლეებს ველოდები, რომლებიც სასიკეთოდ იმოქმედებენ განათლების სისტემაზე“.