რამდენიმე დღეა საზოგადოების განხილვის საგანს წარმოადგენს სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაანონსდა, 2020 წლიდან საატესტატო გამოცდების გაუქმება იგეგმება, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის კი წელსვე უნდა მოიხსნას გამოსაშვები გამოცდები. სკოლა ატესტატს მოსწავლის აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.
განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულის მიზეზი სკოლის გაძლიერებას ემსახურება. მისი თქმით, მოსწავლეები ცოდნის მიღებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი და არა საგამოცდოდ მომზადებაზე. მინისტრის ცნობით, საატესტატო გამოცდების გაუქმების შემთხვევაში, სკოლაში შიდა გამოცდები ჩატარდება. მიხეილ ბატიაშვილი ასევე ამბობს, რომ სკოლას უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია და მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს.
etaloni.ge დირექტორების მოსაზრებებით დაინტერესდა, შეიცვლება თუ არა სკოლებში სწავლის ხარისხი საატესტატო გამოცდების გაუქმების შედეგად.
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ჟანა ტაბატაძე:
„ვისაც სწავლა უნდა, მისი მოტივაცია არ დაეცემა ამ გამოცდების გაუქმებით. მოტივირებული მოსწავლე ისევ ისე ისწავლის ყველაფერს, როგორც აქამდე. თუ სკოლაში, მასწავლებლები ისევ ისე მოითხოვენ მოსწავლეების სკოლაში სიარულს და თითოეული საგნის შესწავლასაც მეტი ყურადღება მიექცევა, მაშინ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ აისახება ნეგატიურად სწავლების ხარისხზე“.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა მეგრელი:
„ვფიქრობ, საატესტატო გამოცდების გაუქმებით მივიღებთ იმ შედეგს, რომ სწავლების ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცემა. ეს ჩვენთან არ მომხდარა, მაგრამ გავრცელდა ხმა, რომ ბავშვებმა ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და გეოგრაფიის წიგნები აიღეს და დაწვეს, აღარ გვჭირდებაო. ამიტომ, ასე ხელაღებით ყველაფრის უარყოფა რა შედეგს მოგვცემს არ ვიცი. თუმცა, იქნებ დადებითადაც კი აისახოს ყველაფერზე, წინასწარ, ალბათ, ვერაფერს ვიტყვით. ვფიქრობ, მოსწავლემ ზოგადი განათლება სკოლაში უნდა მიიღოს. გარკვეულმა გამოცდამ ეს ცოდნა უნდა დაადასტუროს, რის შედეგადაც მოსწავლე მიიღებს მისი სასკოლო განათლების დამადასტურებელ ატესტატს“.
თბილისის N160 საჯარო სკოლის დირექტორი კაკაჩია გიორგი:
„გამოცდების გაუქმების შემდეგ, რთული იქნება, ალბათ, გადაწყობა. ბავშვები მიჩვეული არიან რეპეტიტორებთან სიარულს და მე-12 კლასშიც გაკვეთილებზე იმდენად არ დადიან. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება გამოცდების გაუქმება. საატესტატო გამოცდების დროს, საგნის ცოდნის ან არცოდნის შემთხვევაში, ბავშვი მაინც ახერხებდა გამოცდების ჩაბარებას. ის, ვინც ცუდად სწავლობს, ისიც ახერხებდა ჩაბარებას. ამდენად, არ განსაზღვრავდა ცოდნის ხარისხს სასკოლო გამოცდების არსებობა“.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე დავითულიანი:
„თუ კლასიდან კლასში გადაყვანა გამოცდების საფუძველზე მოხდება, ეს ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს და ამ შემთხვევაში მე ნამდვილად მივესალმები საატესტატო გამოცდების გაუქმების იდეას. ვფიქრობ, უმჯობესია მოსწავლემ ენერგია და დრო სწორედ იმ საგნებში დახარჯოს, რაც მას რეალურად უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სჭირდება“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გურული:
„ვფიქრობ, აუცილებელიც კი არის ცვლილებები განათლების სფეროში. ჩემი აზრით, სამინისტროს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ნამდვილად დადებითად აისახება მოსწავლეების ცოდნის ხარისხზე“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბორჩაშვილი:
„მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობით, შესაძლებელია სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და შენარჩუნება. ვფიქრობ, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის სწორი და ამ გამოცდების გაუქმება არ ნიშნავს ცოდნის ხარისხის დავარდნას. ყველა მოსწავლეს სჭირდება სკოლის შეფასება, როგორ სწავლობს ის სასკოლო საგნებს. ამდენად, მოსწავლეს მაინც დასჭირდება იმეცადინოს ყველა საგანში, რომ მიიღოს ნორმალური ქულა“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე:
„საატესტატო გამოცდები ცოტა დამთრგუნველი იყო მოსწავლეებისთვის. ახლა სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზრდის ცოდნის ხარისხს და მოსწავლეები არ იქნებიან მხოლოდ გამოცდებისთვის მომართული და ყველა საგნის სწავლისთვის ბავშვს თანაბრად ექნება დრო“.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის დირექტორი პაატა გაბელია:
„სანამ ამის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ იქნება, რთულია კომენტარის გაკეთება. თუმცა, ვფიქრობ, ვისაც სწავლა უნდა, ის სწავლობს. ჩვენ ახალგაზრდობაში არასოდეს გვისწავლია გამოცდების გამო, ჩვენ ვცდილობდით იმ დროისთვის საუკეთესო განათლება მიგვეღო. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, აუცილებელია კონტროლის სისტემაც“.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის დირექტორი მურთაზ ლარცულიანი:
„მიმაჩნია, რომ საატესტატო გამოცდები არ განსაზღვრავს ბავშვის აკადემიურ მოსწრებას. ვფიქრობ, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება განათლების ხარისხზე, რადგან მოსწავლე მეტ დროს დაუთმობს იმ საგანს, რაც მეტად სჭირდება და აინტერესებს“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის დირექტორი ლეო კვიჟინაძე:
„ვფიქრობ, საატესტატო გამოცდების გაუქმების შემდეგ მოფიქრებული უნდა იყოს რაიმე ალტერნატიული მეთოდი, რაც განსაზღვრავს ბავშვის ცოდნის დონეს. მე ვარ გეოგრაფიის პედაგოგი და დღეს ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მესწავლებინა გეოგრაფია ისე, როგორც ვასწავლიდი მათ ამ ინფორმაციის მიღებამდე. ალბათ, ბავშვები მართლა მხოლოდ იმ საგნების სწავლას დაიწყებენ, რაც ეროვნულ გამოცდებში დასჭირდებათ. მაგრამ სხვა საგნებმა რა დააშავა?! აუცილებლად უნდა არსებობდეს ალტერნატიული მეთოდი, რაც ბავშვის ცოდნის ხარისხის დადგენაში დაგვეხმარება“.