„მშობელთა ჩართულობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს“ - დირექტორების მოსაზრებები ძლიერ და დამოუკიდებელ სკოლებზე
01-02-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლების ადგილზე გაძლიერებას გეგმავს. როგორც განათლების მინისტრი ამბობს, ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლის გარეშე მაღალი ხარისხის განათლების მიღება წარმოუდგენელია. 

რა მიმართულებით და როგორ უნდა მოხდეს სკოლის გაძლიერება? რა მექანიზმებით შეიძლება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლის და მაღალი ხარისხის განათლების მიღება? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება სთხოვა:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის დირექტორი იზა შათირიშვილი: 

„სკოლის გაძლიერება, პირველ რიგში, მშობლების ჩართულობის გაზრდით უნდა მოხდეს, ასევე, სასურველი იქნება, სამინისტრომ სკოლების მიმართ მიდგომა შეცვალოს და ბოლოს, მასწავლებლებმა კვალიფიკაცია უნდა აიმაღლონ“.

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების საჯარო სკოლის დირექტორი დავით ხუმარაშვილი:

„სკოლა იმ შემთხვევაში გაძლიერდება, თუ მას ეყოლება ძლიერი და კომპეტენტური მასწავლებლები. მთავარია, რომ  მასწავლებელმა დააინტერესოს მოსწავლე, გადასცეს მას ცოდნა და განათლება და გახადოს ეტალონი. სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მოსწავლის მოტივაციის გაზრდაც კარგი მასწავლებლის ხარჯზე ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა, ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, რომ მოსწავლის დისციპლინის საქმეში მას უდიდესი როლი ეკისრება“. 

რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მშვიდობაძე:

„სკოლაში უნდა იყოს საკმარისი კადრები, რათა მოსწავლემ შეძლოს სრულყოფილი განათლების მიღება და უნდა არსებობდეს სასწავლო ბაზა. მართლია, შეძლებისდაგვარად ხერხდება ბაზის მოწყობა, მაგრამ სოფლის სკოლებში მაინც მოუწესრიგებელია ეს სისტემა. ასევე, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა მასწავლებელი იქნება, მით უფრო მეტად გაძლიერდება სკოლა“. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბლიაძე:

„პირველ რიგში, უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურის პრობლემა, შემდეგ სკოლა უნდა აღიჭურვოს ყველა საჭირო ინვენტარით და რაც მთავარია, სკოლაში უნდა ასწავლიდნენ კვალიფიციური პედაგოგები“. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორი ილია ვადაჭკორია:

„სკოლას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური კადრები, უნდა იყოს მდიდარი სასწავლო რესურსებით და ჰქონდეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ცალსახად მნიშვნელოვანია მშობლის ცართულობა და მათი როლი შვილების სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მოტივაციის ამაღლებაში“. 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი ადეიშვილი: 

„პირველი და მნიშვნელოვანი, პედაგოგები უნდა იყვნენ კომპეტენტურები და პროფესიონალები, მათ უნდა შეაყვარონ მოსწავლეს სკოლა, სწავლა. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს შეეძლოს ლოგიკური აზროვნება და მსჯელობა და ამაში უდიდესი როლი სწორედ მასწავლებლებს მიუძღვით. კიდევ სხვა ფაქტორებიცაა, თუნდაც გამოცდები, ტესტირებები. ჩემი აზრით, საატესტატო გამოცდები არ უნდა გაუქმებულიყო, რადგან მოსწავლე რომ შრომობს და წვალობს, მის ცოდნას და კომპეტენციას დადასტურება სჭირდება“. 

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორი საჯარო სკოლის დირექტორი ლელა რეხვიაშვილი: 

„სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული, ასევე, უნდა იყოს უსაფრთხო გარემო და კვალიფიკაციური პედაგოგები ასწავლიდნენ სკოლაში. სკოლის გაძლიერებისთვის საჭიროა, რომ მოსწავლეებიც იყვნენ მონდომებულები და მოტივირებულები. ამისთვის, ალბათ, გაკვეთილები უნდა გახდეს მეტად საინტერესო და სახალისო. საგაკვეთილო მასალა იმდენად დიდია, რომ მოსწავლეს ხშირად ეზარება სწავლა, ამიტომ უნდა მოხდეს მათი სხვა საშუალებებით დაინტერესება“. 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მელქოშვილი:

„პირველ რიგში, სასწავლო ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, ჩატარდეს სწავლაზე ორიენტირებული გაკვეთილები, რომლებიც მოსწავლეს მოტივაციას აუმაღლებენ. ვფიქრობ, რომ ახლანდელ მოსწავლეებს ჩვენ ცოტა მეტ თავისუფლებას ვაძლევთ და თითქმის, არაფერს ვუზღუდავთ, სკოლის გაძლიერებისთვის კი ორივე მხარის შეთანხმებული მუშაობაა საჭირო. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს იმიტომ არ დავასახელე პრიორიტეტებში, რომ ჩვენ ამ მხრივ საწუწუნო არაფერი გვაქვს და ნამდვილად მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოში სწავლობენ მოსწავლეები“. 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლის დირექტორი დავით კობერიძე:

„პირველი, მშობელთა ჩართულობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს, მეორე, მასწავლებლები უფრო მოტივირებულები უნდა გახდნენ და მესამე, სასწავლო პროგრამები შედარებით უნდა გამარტივდეს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203