რა საკვებით ჩანაცვლდა ჩიხირთმა და ღომი თბილისის საბავშვო ბაღებში
01-02-2019

თბილისის საბავშვო ბაგა ბაღებში 2019 წლის 21 იანვრიდან ახალი მენიუ შევიდა. როგორც etaloni.ge-სთან ბაგა ბაღების სააგენტოში განუცხადეს, მენიუს შეცვლის მიზეზი საკვებთან დაკავშირებით მშობლების უკმაყოფილება იყო.

ცვლილების შედეგად  ამოღებულია რამდენიმე კერძი და დამატებულია 8 სახეობის ახალი პროდუქტი.

გამოცხადებული ტენდერით შესყიდული მომსახურების ღირებულება 38 109 000 ლარია.

„ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ მშობლების მოსაზრებებს. იყო უკმაყოფილება და პრეტენზიები სიმინდის ფქვილისგან დამზადებულ კერძებზე - ღომზე, მჭადზე... მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, გვქონდა მშობლებთან შეხვედრები, სადაც სააგენტოს ხელმძღვანელი განიხილავდა აღნიშნულ საკითხებს თუ როგორ გაგვეუმჯობესებინა საკვები.

საკვებ მენიუზე დამატებულია რვა ახალი პროდუქტი, მათ შორის ბოსტნეული და ბაღჩეული. გაზრდილია რძის პროდუქტების ულუფები, ჩანაცვლებულია კერძების ნაწილი. მაგალითად, ჩიხირთმა, რომელიც ამოღებულია მენიუდან. ჩავანაცვლეთ ჭარხლის წვნიანით, ასევე გვაქვს ბროკოლის ბოსტნეულის სუპები. ასევე, დამატებულია ქათმის კატლეტი, ხორცისა და კარტოფილის ლაზანია. ამოღებულია სიმინდის ფქვილის პროდუქცია. საუზმე გახდა სამკომპონენტიანი. მაგალითად, თუ  აქამდე დილით ერთი კერძი იყო, ახლა სამი კომპონენტია და ბავშვებს არჩევის საშუალება აქვთ. ახლა შეიძლება იყოს ფაფა, კარაქიანი პური და ჩაი. გამორიცხული არ არის აღნიშნული მენიუ მომავალ წელს ისევ შეიცვალოს. ჯერჯერობით საყვედურები არ მიგვიღია ახალ მენიუსთან დაკავშირებით“, - განგვიცხადეს სააგენტოში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203