მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წელსვე მოიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება 2020 წელს იგეგმებოდა, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის კი წელსვე მოიხსნებოდა. აღნიშნულმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების მოთხოვნით, ბათუმში მე-12 კლასის მოსწავლეების ნაწილმა საპროტესტო აქციები გამართეს. საპროტესტო აქცია, 3 თებერვალს თბილისში მცხოვრებმა მე-12 კლასის მოსწავლეებმაც დააანონსეს.
ამ თემაზე etaloni.ge საქართველოს გამორჩეული სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა:
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის დირექტორი კახა თოდუა:
„ჩემი აზრით, მისასალმებელია ეს ცვლილება. გამოცდებმა მოსწავლეები მოწყვიტა სკოლას, რადგან ორიენტირებულები იყვნენ გამოცდების ჩაბარებაზე და არა სწავლაზე. ვფიქრობ, ამ სიახლეებით მოსწავლეები უფრო მეტად ჩაერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და უფრო გააქტიურდებიან. რა თქმა უნდა, სკოლა მათ ყველაფერში შეუწყობს ხელს“.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბიძიშვილი:
„ჩემი მოსაზრება ასეთია - თუკი მე-11 კლასის მოსწავლეებს მოეხსნათ გამოცდები, მაშინ მეთორემეტეკლასელებსაც არ უნდა ჩაებარებინათ. ზოგადად კი, ვფიქრობ, რომ საატესტატო გამოცდები არ უნდა გაუქმებულიყო“.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ვაჩეიშვილი:
„მე საერთოდ არ ვემხრობი საატესტატო გამოცდების გაუქმებას. აბა, მოსწავლე როგორ უნდა შეფასდეს? ამბობდნენ, მოსწავლეები არ დადიან სკოლებშიო, მაგრამ ეგ პრობლემა ჩვენთან არ ყოფილა. პირიქით, აბიტურიენტები უფრო მობილიზებულები და მონდომებულები იყვნენ. ეს გამოცდებიც ამას ემსახურებოდა. ვნახოთ, რით შეიძლება ჩანაცვლდეს ეს გამოცდები“.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის დირექტორი რუსიკო მუმლაძე:
„როგორც ჩანს, ამ ცვლილებების შემდეგ სხვა რეფორმები დაიწყება. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ გამოცდების გაძლიერება უნდა მომხდარიყო და არა გაუქმება. თუმცა, ვნახოთ რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშას საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბარბაქაძე:
„ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ჩემი პირადი შეხედულებით, რადგანაც მე-12 კლასელებმა გამოცდების პირველი ნაწილი გაიარეს, ბოლომდეც უნდა დაემთავრებინათ. ამ ეტაპზე გამოცდების გაუქმება სწორად არ მიმაჩნია. ვშიშობ, რომ ამით შეიძლება ისინი სკოლას და წიგნებს ჩამოშორდნენ“.
ბათუმის N5 საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხარჩილავა:
„დღევანდელი გადაწყვეტილებით მე კმაყოფილი ვარ. მიმაჩნია, რომ გამონაკლისი არ უნდა დაშვებულიყო და არც ერთ მოსწავლეს ჰქონოდა დამატებითი შეღავათი. ახლა საინტერესოა, რა ელით იმ მოსწავლეებს, რომლებიც წინა წლებში ჩაიჭრნენ. საერთოდ კი, ამ ცვლილებებით სკოლის პასუხისმგებლობა იმატებს, რაც თავის მხრივ ძალიან კარგია. საერთო ჯამში, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს“.
ბათუმის N30 საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ბარამიძე:
„ვემხრობი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რადგან თუ რეფორმა ტარდება, ის ყველას უნდა შეეხოს. თუ მე-11 კლასელები არ აბარებდნენ გამოცდებს, მაშინ არც მე-12 კლასის მოსწავლეებს უნდა ჩაებარებინათ. ადრინდელი გადაწყვეტილებით, მოსწავლეები არ იყვნენ თანაბარ მდგომარეობაში და ეს იყო დისკრიმინაცია“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე:
„მივესალმები გამოცდების მოხსნას, რადგან რეალურად ეს გამოცდები არ ადგენდა მოსწავლის ცოდნის დონეს. მომწონს ის იდეაც, რომ სასკოლო გამოცდები ჩატარდება და სკოლა დაუწერს მოსწავლეს შეფასებას. ჩვენ გვქონია პრაქტიკა, რომ მოსწავლე, რომელიც კარგად სწავლობდა და რეალურად ჰქონდა ცოდნა, იჭრებოდა ამ გამოცდაში და პირიქით, არც თუ ისე კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები აბარებდნენ. ასევე, მივესალმები სკოლის საბაზო განათლების ათ წლამდე გაზრდის ინიციატივას“.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდაროს საჯარო სკოლის დირექტორი მაია გაწერელია:
„ამ რეფორმას დადებითად ვაფასებ. მიმაჩნია, რომ ამ ცვლილებების შედეგად მოსწავლეები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ განათლებას, ხოლო სკოლას კი ექნება საშუალება გადასცეს მათ ცოდნა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მოსწავლეზე ორიენტირებული და იმაზე, რომ მათ სრულყოფილად ისწავლონ. ჩემი აზრით, სკოლას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თავად შეაფასოს მოსწავლის აკადემიური მოსწრება. ამიტომ, მე მივესალმები ახალ მოდელს და ცვლილებებს“.