განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში 40 ათასზე მეტი ახალგაზრდაა განათლების სისტემის გარეთ დარჩენილი, რომლებსაც არც სკოლა აქვთ დამთავრებული და არც პროფესიულ სასწავლებელში უსწავლიათ.
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტრო პირველ რიგში იზრუნებს, რომ დაეხმაროს იმ ახალგაზრდებს, რომლების ბოლო წლების განმავლობაში სისტემის გარეთ აღმოჩნდნენ და შრომით ბაზარზე არაკონკურენტუნარიანნი არიან.
„ერთი-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ხაზი უნდა გავუსვათ არის ბოლო წლების სტატისტიკა. გარდა იმ მოსწავლეებისა, რომლებიც სკოლას ამთავრებენ ან პროფესიულ პროგრამებზე ირიცხებიან, გვყავს ახალგაზრდები, რომლებმაც ვერ შეძლეს CAT- ის გამოცდების ჩაბარება და როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, 46 ათასამდე ბავშვი ჰაერშია დარჩენილი.
ეს არიან ის ბავშვები, რომლებმაც არც სკოლა აქვთ დამთავრებული და არც პროფესიულ პროგრამაზე არიან ჩარიცხულნი. პრაქტიკულად ამ პერიოდის განმავლობაში, ხელი შევუშალეთ, რომ რომელიმე საგანმანათლებლო სისტემაში მოხვედრილიყვნენ. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც სასწრაფოდ ვიწყებთ მუშაობას, არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ამ ბავშვებს შესაძლებლობა პროფესიული უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ", - განაცხადა მინისტრმა და იმ გზების შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ ახალგაზრდებს პროფესიის შეძენაში დაეხმარებათ.
„პირველი გზა, არის, რომ მათ დაძლიონ მინიმალური მოთხოვნები და სკოლა დაამთავრონ. ეს არის ერთი გზა, რომ შემდგომ უმაღლესში ჩაბარება შეძლონ;
მეორე გზა, რომელიც ჰქონდათ, მაგრამ უფრო აქტიურად უნდ ვიმუშაოთ რომ უფრო ფართოდ დავანახო ეს საშუალება - პროფესიულ სასწავლებლებში მათი ჩართვა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს ამის მატერიალური რესურსი, რომ ბევრ ბავშვს მივცეთ რეალური პროფესია;
მესამე გზა, რომელსაც მარტიდან შევთავაზებთ ამ ახალგაზრდებს, არის გადამზადების პროგრამები.
პირველ რიგში გვინდა დავეხმაროთ იმ ბავშვებს, რომელიც ამ წლების განმავლობაში სისტემის გარეთ დავტოვეთ. ჩვენი ხედვით ამ ათიათასობით ბავშვს მაქსიმალურად უნდა გავუჩინოთ შესაძლებლობა, რომ დავაბრუნოთ საგანმანათლებლო სისტემაში, რათა ელემენტარული პროფესია და ის უნარ-ჩვევები გავუჩინოთ, რომელიც მათ დაეხმარება სხვადასხვა კუთხით დასაქმებაში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ასევე იხილეთ: პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება