მასწავლებლის სახლის პასუხი პედაგოგების კითხვებზე
07-02-2019

განათლების რეფორმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ დაანონსებული სიახლეების შემდეგ პედაგოგებს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩათ.

აღსანიშნავია, რომ დაანონსებული სიახლეების მიხედვით, მასწავლებლებს გაუუქმდებათ კრედიტქულები და სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევთ,  სტატუსის შენარჩუნება კი  სხვადასხვა აქტივობებისა და ტრენინგების საშუალებით შეეძლებათ.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ამბობს, კანონის მიხედვით, 2019 წლის სექტემბრამდე არსებული სქემა ძალაშია.

etaloni.ge-ს ყოველდღიურად არაერთი მასწავლებელი მომართავს სხვადსხვა კითხვით, მათ შორის, ყველაზე აქტუალური გარე დაკვირვებასთან დაკავშირებული შეკითხვებია. პედაგოგების უმეტესობას აინტერესებს: 

  • როდის გამოცხადდება გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია?  
  • გარე დაკვირვებაზე უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, ექნებათ თუ არა პედაგოგებს შეფასების გამოსწორების საშუალება?  
  • რა ბედი ეწევათ, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთაც 17 ან 19 კრედიტქულა აქვთ, საგანში კომპეტენციაც დადასტურებული აქვთ, მაგრამ ჯერ პროფესიულის გამოცდაზე არ გასულან? 

აღნიშნული კითხვებით ჩვენ მასწავლებლის სახლს მივმართეთ. როგორც etaloni.ge-ს განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გამოცხადდება გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია, თუმცა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე იქნება;

იმ შემთხვევაში კი თუ უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელი დააგროვებს 15 კრედიტქულას, მას საშუალება ექნება გარე დაკვირვება გაიაროს;

გარე დაკვირვებაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, როგორც აქამდე ხდებოდა ისე იქნება - დაინიშნება აპელაცია და პროცედურები შესაბამისად წარიმართება;

რაც შეეხება კითხვას თუ რა ბედი ეწევათ, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთაც 17 ან 19 კრედიტქულა აქვთ, საგანში კომპეტენცია დადასტურებული აქვთ, მაგრამ ჯერ პროფესიულის გამოცდაზე არ გასულან? - მასწავლებელთა სახლში გვიპასუხეს, რომ მათ გამოცდა აუცილებლად უნდა ჩააბარონ და ამის საშუალება ჩვეულებრივად ექნებათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

  • იმ მასწავლებლებს, რომელთაც კარიერული წინსვლა დაწყებული აქვთ, სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ სტატუსის ამაღლებას;
  • ასევე სტატუსს ინარჩუნებენ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, მათი წინსვლა ნებაყოფლობითია;
  • პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის წარმატებით დააგროვებს წინსვლისთვის საჭირო კრედიტქულების რაოდენობას, ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
  • იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულებული ექნებათ შიდა შეფასების პროცესები და წინსვლისთვის, მხოლოდ გარე დაკვირვება ექნებათ დარჩენილი, მათ მიეცემათ უფლება 2019 წლის ბოლომდე გაიარონ გარე დაკვირვება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203