გორის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელი დაკბინა
06-02-2019

გორის N5 საჯარო სკოლაში V კლასის მოსწავლე თანაკლასელმა დაკბინა - აღნიშნულის შესახებ დაკბენილი მოსწავლის დედა აცხადებს, რომელიც ამავე სკოლაში მუშაობს. 

მოსწავლის დედის თქმით, სასწრაფო დახმარება სკოლის დირექტორმა და მისმა მოადგილემ არ გამოაძახებინეს.

„ბავშვი დაკბენილია, მკლავის არეში ნაკბილარი ეტყობა, სისხლი მოსდიოდა. სკოლის დირექტორმა და მისმა მოადგილემ სასწრაფო დახმარება არ გამომაძახებინეს. სკოლის დირექტორის მოადგილემ მითხრა, მე წაგიყვან საავადმყოფოში, არ გინდა სასწრაფო, რადგან მაგას პატრული მოყვება და არ გვინდა ზედმეტი აურზაურიო. თორემ მანდატურებმა მთხოვეს გამოვიძახოთ სასწრაფო და ის მიხედავს ბავშვსო. მანდატურები სად იყვნენ, როცა ბავშვები ჩხუბობდნენ, არ ვიცი.

დირექტორმა მითხრა, თუ გინდა ბავშვი საერთოდ გაიყვანე სკოლიდან და შენც წადი სამსახურიდანო. სასწრაფო რომ არ გამომაძახებინეს, შესაბამისად, სკოლაში არც პოლიცია მოსულა“, - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ბავშვის დედამ, რომელიც სკოლაში დამლაგებლად მუშაობს.

Etaloni.ge შემთხვევის გადასამოწმებლად სკოლის დირექტორს, ზურაბ ქარელს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ ტელეფონით უცნობ ადამიანებს კომენტარს არ აძლევს.

ზურაბ ქარელი გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა და სამსახურიდან აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, გორის N5 საჯარო სკოლის დირექტორად კი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. 

აღსანიშნავია, რომ გორის N5 საჯარო სკოლაში 3 მანდატური მუშაობს, თუმცა, როგორც მანდატურის სამსახურში განგვიცხადეს ფაქტის შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა. უწყებაში გვითხრეს, რომ ფაქტის მოკვლევას შეეცდებიან და დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდიან, რომელსაც etaloni.ge მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

qaaaq.jpg

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203