2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა.
კონკურსი გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020
სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. განათლების საერთაშორისო ცენტრის ცნობით, სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.
პროგრამების ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი აპლიკანტები, ისე მიმდინარე გრანტის მფლობელები.
მიმდინარე სასწავლო წელს აღნიშნული პროგრამები განახლებული საკონკურსო პირობებითა და ვადებით განხორციელდება. კონკურსანტებს საბუთების შეტანის ვადა 2-ჯერ გაუხანგრძლივდებათ. განაცხადის შევსება ორ ეტაპად ხდება. პირველ ეტაპზე აპლიკანტს განაცხადისა და მოთხოვნილი დოკუმენტების, ხოლო მეორე ეტაპზე, მხოლოდ ჩარიცხვისა და თანადაფინანსების (პროგრამული მოთხოვნის შემთხვევაში) საბუთის ატვირთვა უწევს ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში. ამავდროულად, ცენტრში განაცხადის შევსების ვადები ემთხვევა ევროპისა და (ნაწილობრივ) ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში საბუთების შეტანის ვადებს.
სამივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება 1-ელ თებერვალს 13:00 საათზე დაიწყო და ორი თვე გაგრძელდება.
ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე ქართველ სტუდენტს აფინანსებს.