განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, დღეს მასწავლებლებს მოსწავლის ცოდნაზე ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და ისინი მიმართულებას მშობლებს რეპეტიტორებისკენ აძლევენ.
ამის შესახებ მან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
განათლების მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი კორუფციული და რისკის შემცველია. მისი განმარტებით, თუ საბჭოთა კავშირის დროს რეპეტიტორობა მძვინვარებდა იმიტომ, რომ კორუფციული სისტემა იყო, უმაღლეს სასწავლებლებში რომ მოწყობილიყვნენ, მერე დაიწყო დაბლა სვლა და ახლა ჩამოსულია საბაზო საფეხურის დასაწყისში.
„ახლაც არის ეს სისტემა კორუფციული სინამდვილეში და რისკის შემცველი, მაგრამ ამის გარდა სერიოზული ეთიკური პრობლემები აქვს. მასწავლებლები მშობლებს ეუბნებიან, წაიყვანე, მოამზადე. როგორც კვლევაში წერია, მასწავლებლები ამბობენ, რომ მე ამას ვეუბნები მშობლებს, რომლებსაც ვენდობი და ვუშვებ ჩემს მეგობართან. ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ამბობს რამდენი უნდა იყოს მასწავლებლის დატვირთვა და რა არის მისი ვალდებულება, რომ მოსწავლეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გაუკეთოს და გააძლიეროს ის უნარები, რაშიც მას გაძლიერება სჭირდება, ცხადია, ამას არავინ გააკეთებს, თუ მასწავლებელი არ იქნება დაინტერესებული მეტი სამუშაო საათები აიღოს. იცით რატომ არ უნდათ მეტი სამუშაო საათები აიღონ სტატუსის მქონე მასწავლებლებმა?! რაც უფრო მაღალი სტატუსი აქვს, მისი მომსახურება უფრო ძვირადღირებულია. მთლიანად დეგრადირებულია ყველაფერი - ეთიკურობიდან დაწყებული იმით, რაც გვაქვს. ბავშვმა შედეგს რომ მიაღწია, ახლა იმასაც ვერ ვხვდებით, ვისი დამსახურებაა - სკოლის, რეპეტიტორის თუ მშობლის“,- განაცხადა აბულაძემ.