„I-VI კლასებში ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, შემდეგ კი ერთგვარი ჩავარდნაა“- მიხეილ ბატიაშვილი
13-02-2019

„სკოლამდელი განათლება არის სიახლე და ეს კომპონენტი რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შემოვიტანოთ“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ იქ, სადაც ბავშვები სკოლამდელ განათლებაში აქტიურად არიან ჩართული, სკოლის პერიოდში შედეგებს გაცილებით მარტივად აღწევენ და მათი შედეგები გაცილებით მაღალია.

ბატიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უნდა განხორციელდეს კომპლექსური რეფორმა, რაშიც იგულისხმება მთელი სისტემა - სკოლამდელი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერება.

კითხვაზე, რას გულისხმობს კომპლექსური რეფორმა, სისტემის სრულად გადააზრებას, თუ მხოლოდ ცალკეული სეგმენტების ცვლილებას, განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ კომპლექსურ რეფორმაში ორივე კომპონენტი მოიაზრება.

„არის მიმართულებები, რომლებსაც შედეგი მოაქვს, თუმცა გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. მაგალითად, სკოლა რომ განვიხილოთ, როგორც მთლიანი სისტემის შედეგი, ასეთი საინტერესო სურათი იკვეთება - მაგალითად, I-VI კლასებში ძალიან კარგი შედეგია, რაც ჩვენი და საერთაშორისო კვლევებით დასტურდება. ანუ, სისტემა მეტ-ნაკლებად კარგად მუშაობს და შედეგებს გვაძლევს. მერე სისტემაში ხდება რაღაცა, რომელიც არ მუშაობს პოზიტიურად და ნეგატიურ შედეგებს გვაძლევს. ბოლო კლასებში ერთგვარი ჩავარდნა ხდება“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, დრომ მოიტანა და საერთაშორისო გამოცდილებაც ამბობს, რომ შესაცვლელია მიდგომები თუნდაც, დაწყებით კლასებში, რაც ბავშვთან მუშაობას გულისხმობს.

„ბავშვთან მუშაობაში იგულისხმება მეტი ორიენტაცია იგივე, აზროვნებითი უნარებისკენ, გუნდურობისკენ, კრეატიულობისკენ და ნაკლები ორიენტაცია დასწავლულობისკენ. დასწავლულობაში იგულისხმება პასიურ მდგომარეობაში რაღაცის დასწავლა და უბრალოდ გადაცემა, როდესაც ბავშვი ხშირად, კონკრეტულად ვერც აანალიზებს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203