21 მოსწავლე ოკუპირებული ახალგორის დატოვებას და წეროვანის N3 საჯარო სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს 
13-02-2019

ოკუპირებულ ახალგორში გადაადგილების შეზღუდვის გამო, ახალგორის დატოვებას და სკოლაში სიარულს 21 მოსწავლე ამ დრომდე ვერ ახერხებს - აღნიშნულის შესახებ წეროვანის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ირმა ტატიშვილი აცხადებს და აღნიშნავს, რომ მოსწავლეების უმეტესობა ოკუპირებულ ახალგორში მშობლების გარეშე, ბებიებთან და ბაბუებთან იმყოფება.

„21 მოსწავლიდან ყველაზე უფროსი მეცხრე კლასელია, ყველაზე პატარა - პირველკლასელი. ძალიან გვაწუხებს ეს ფაქტი, რადგან ირღვევა ამ ბავშვების ფუნდამენტური უფლება -განათლების უფლება და ისინი მძევლები არიან. მინდა, დავამშვიდო ბავშვები და მშობლები, როდესაც გზა გაიხსნება, მასწავლებლები სრულიად უანგაროდ ჩაუტარებენ გაკვეთილებს, რათა ეს გაცდენები აღვადგინოთ“, - განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილემ.

როგორც ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ზამთრის არდადეგებზე წეროვანის დასახლებაში დარჩნენ და ოკუპირებულ ახალგორში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ამასთან, ახალგორში შესვლას ვერ ახერხებს 14 პედაგოგი, რომლებიც ახალგორის ქართულ სკოლებში ასწავლიან. თინიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამის გამო დე ფაქტო რეჟიმმა ისინი სამსახურიდან გაათავისუფლოს.

ნუგზარ თინიკაშვილი ვარაუდობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს .. საზღვრის ჩაკეტვა გრიპის ვირუსს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

თუ მიზეზი გრიპის ეპიდემიაა, მაშინ იქ მყოფებს მაინც რატომ არ ეძლევათ გამოსვლის საშუალება. მე ვფიქრობ, რომ აქ სხვა მიზეზია, მათ სურთ, ის ადამიანები, რომლებიც დევნილთა დასახლებებში ცხოვრობენ და დასაქმებული არიან იქ სამედიცინო თუ საგანმანათლებლო ობიექტებში, გაათავისუფლონ სამსახურებიდან.

ეს არის ხელოვნურად შექმნილი ვითარება, რათა ამ ადამიანებს შეუქმნან პრობლემა. რამდენჯერმე გამოცხადდა, რომ უნდა გამოეშვათ იქიდან ხალხი, 70-კაციანი სიაც კი გააკეთეს სტუდენტების, მოსწავლეების და იმ ადამიანების, ვინც სამედიცინო მომსახურებას საჭიროებდნენ. ხუთ ადამიანს დაგეგმილი ჰქონდა ოპერაციები, მაგრამ მათაც არ მიეცათ გადმოსვლის საშუალება. დღესაც გვქონდა მოლოდინი, რომ უნდა გაეღოთ, მაგრამ არ გამართლდა“, - განაცხადა თინიკაშვილმა.

ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის მიზეზად დე ფაქტო რეჟიმი გრიპის ვირუსს ასახელებს.

წყარო: 1tv

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203