ლალი ქარდავა თბილისის N2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელია. ის ოცდაათი წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მასწავლებელი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამაშია“ ჩართული და თავის გამოცდილებას სხვა პედაგოგებს უზიარებს.
ლალი ქარდავა აღნიშნავს, რომ პროფესიული განვითარების კურსის დაწყებამდე მიიჩნევდა, რომ საგნის სიღრმისეულად ცოდნა საკმარისი იყო მოსწავლეებისთვის გადასაცემად.
„ახლა თამამად შემიძლია თქმა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლების მეთოდებს. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის ტრეინინგები მრავლისმომცემი და საჭირო იყო. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განვითარებისთვის მრავალ ლიტერატურას ვეცნობოდი, ასეთი პრაქტიკული ცოდნის მომცემი ცოტა თუ იყო. ტრენინგებმა მომცა ბიძგი მეფიქრა თუ რა მიმართულებით დამეხვეწა ჩემი სწავლების სტილი. აქტიურად ვიყენებ პროექტის ფარგლებში შემქნილ სატრენინგო მასალასაც“ - აღნიშნავს ის.
პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეთა საჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს მოსწავლეთა თანაბარი სასწავლო გარემოს შექმნას.
„ტრენინგების შემდეგ მთლიანად შეიცვალა სასკოლო გარემო, უფრო ნათლად დავინახეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს გარემოს სასწავლო პროცესში მოსწავლის მეტად ჩართულობისთვის და ამ გარემოს უზრუნველყოფას იმისთვის, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული გახდეს. დამოკიდებულებები ბევრად შეიცვალა ტრენინგ-კურსების შემდეგ. სწავლების მიმდინარეობისას ვისწავლეთ ის მიდგომები, რაც აბსოლუტურად განსხვავდებოდა ჩვეული საგაკვეთილო პროცესებისგან. მოვისმინეთ სიახლეები, გავეცანით პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლების მაგალითებს, რომელიც ცვლიდა, როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის დამოკიდებულებებს სასწავლო პროცესის მიმართ“ - ამბობს პედაგოგი.
ლალი ქარდავას თავის მოსწავლეებთან ერთად შემუშავებული აქვს ახალგაზრდული სამეცნიერო პროექტები. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც თებერვლის თვეში დასრულდება, ითვალისწინებს ლაბორატორიული ცდების ჩატარებას, თეორიის დადასტურებას და შემდეგ, მშობლებისთვის შედეგების პრეზენტაციას. ასევე, მისი ინიციატივით, სხვადასხვა კლასში შეიქმნა საგნობრივი კროსვორდები და სახალისო, მარტივი ამოცანები, თავისი ნახატებით, რომელიც პროექტის ფარგლებში კრებულის სახით გამოიცემა.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი” გულისხმობს მე-7-მე-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებლების, დირექტორებისა და პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორების გადამზადებას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომებისა და სტრატეგიების დანერგვა; სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება.
პროგრამის ფარგლებში 2016-2019 წლებში გადამზადდება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მე-7-მე-12 კლასების ყველა, 18 300-მდე, მოქმედი მასწავლებელი, აგრეთვე, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი.