როგორ იცავენ სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებას, სადაც მანდატური არ ჰყავთ
15-02-2019

ბავშვები დღის დიდ ნაწილს სკოლაში ატარებენ. მშობლებისთვის უმნიშვნელოვანესია დაცული იყოს მათი უსაფრთხოება მაღალ დონეზე. საინტერესოა, ვინ არის მოსწავლეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და რა ღონისძიებებს ატარებს ამა თუ იმ სკოლის ადმინისტრაცია, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დირექტორები გამოცდილებას გვიზიარებენ:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ბაბაჯანაშვილი:

„უსაფრთხოებაზე ძირითადად პასუხისმგებელი არის ჩვენი სკოლის სასწავლო ნაწილი, რომელიც დადის და ამოწმებს სასწავლო პროცესს, მოსწავლეების გადაადგილებას და ა.შ. ბავშვების უსაფრთხოებაზე გაკვეთილების დასრულების შემდეგაც ზრუნავს, აქვს კონტაქტი მოსწავლეების მშობლებთან და ამდენად ყოველთვის აქვს წარმოდგენა, სად არის და როგორ არის ბავშვი. გარდა სასწავლო ნაწილისა, სასკოლო საათებში, სკოლის ტერიტორიაზე სამი მორიგე გვყავს, რომელიც დღის განმავლობაში არ ადუნებს ყურადღებას“.

თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი:

„ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, განათლების მიცემასთან ერთად, სკოლის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა. ჩვენს სკოლაში ბავშვების უსაფრთხოებაზე ძალიან ბევრი ადამიანი ზრუნავს. მანდატურის სამსახური მთლიანად ამ საკითხზე მუშაობს, რომელსაც ეხმარება ცხადია თითოეული კლასის დამრიგებელი, თითოეული პედაგოგი, ფსიქოლოგი და ა.შ. მხოლოდ ბავშვის ფიზიკური უსაფრთხოება არ უნდა იყოს დაზღვეული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქიკა და ჯანსაღი გარემო. ამდენად, ყველა მიმართულებით, ყოველთვის მზად ვართ. სკოლა მთლიანად აღჭურვილია ვიდეოთვალით და არ არსებობს სკოლაში არცერთი კუთხე, რომელსაც ეს ვიდეო თვალი ვერ წვდება. რთული სიტუაციები ძალიან ხშირად არის სკოლაში, შეიძლება ითქვას ყოველდღიურად. თუმცა სკოლა თავიდან ბოლომდე მობილიზებულია, თავად აღმოფხვრად ესა თუ ის პრობლემა და არ გახდეს საჭირო გარე ძალებისა და სხვადასხვა ორგანოების ჩარევა. როგორც ოჯახში, ზუსტად ისე ხდება სკოლის კედლებში ყველანაირი პრობლემის გადაჭრა და მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში ვთხოვთ სხვა ორგანოებს ჩართვას, რაც ძალიან იშვიათად ხდება“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხუნაშვილი:

ჩვენი სკოლა ორცვლიანია. ორ სოფელს ვემსახურებით და სამ ადგილას არის სკოლის შენობები განლაგებული. ბავშვების უსაფრთხოებაზე ჩემი მოადგილე, სკოლის სასწავლი ნაწილი არის პასუხისმგებელი, რომელიც კონკრეტული შემუშავებული გეგმის მიხედვით იცავს მოსწავლეთა უსაფრთხოებას. მასთან ერთად დღის მორიგეები“

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი ილარიონ ლაბაძე:

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს სკოლაში არ არის მანდატური, ბავშვების უსაფრთხოებაზე  თითოეული მასწავლებელი ზრუნავს, დირექტორი, სასწავლო ნაწილი, დამრიგებლები. ასევე გვყავს მორიგე, რომელიც დღის განმავლობაში, სკოლაში მთლიან პერიმეტრს აკონტროლებს და ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე“.

შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ თურაძე:

„მოგეხსენებათ, მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ. მაღალმთიანებში მანდატურის სამსახური არ არის. არც ვიდეო თვალი გვაქვს სკოლაში. ამდენად ბავშვების უსაფრთხოებაზე ყოველდღიურ რეჟიმში მე და სკოლის დირექცია ვზრუნავთ. გვყავს სასწავლო დღეებში დანიშნული მორიგეები, რომლებიც ახორციელებენ სკოლის მთლიან ტერიტორიაზე შემოვლებს და იცავენ ბავშვების უსაფრთხოებას“

თბილისის N30 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა დათიაშვილი:

„ჩვენ სკოლაში თითოეული ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ხდება პირველ რიგში ალბათ მაინც მანდატურების მხრიდან და არამარტო მანდატურების მხრიდან. სკოლის თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია ბავშვი იყოს უსაფრთხოდ. საგაკვეთილო პროცესის დროს, აკრძალულია უცხო პირის შემოშვება სკოლის ტერიტორიაზე. მას აუცილებლად უნდა ქონდეს შესაბამისი საშვი. იგივე ვრცელდება მშობლებზეც. ისინი სკოლაში მხოლოდ პარასკევობით 2 საათის შემდეგ შემოდიან, თუ არ არის რა თქმა უნდა დაბარებული წინასწარ“.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისის საჯარო სკოლა მერაბ ბოლქვაძე:

„ჩვენს სკოლაში 16 მოსწავლე გვყავს. თითოეულის უსაფრთხოებაზე დირექტორი, სასწავლო ნაწილი და კლასის ხელმძღვანელი. მანდატური არ გვყავს. გვაქვს ვიდეო თვალი, რომლითაც ვაკონტროლებთ ბავშვების უსაფრთხოებას. გვყავს ორივე სართულზე მორიგე, რომელიც დღის განმავლობაში ადევნებს თვალყურს მოსწავლეების ცხოვრებას“

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ვარლამ თაგოშვილი:

„სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოებაზე დირექტორის მოადგილე არის პასუხისმგებელი. ასევე დისციპლინაზე, ჰიგიენაზე და ა.შ. მას სკოლის მორიგე მასწავლებლებიც ეხმარ6ებიან უსაფრთხოების დაცვაში“

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ ჯალაღონია:

„სკოლაში მანდატური არ გვყავს და ფიზიკა- მათემატიკის მასწავლებელი გვყავს გამოყოფილი ამ საქმისთვის. ის დღის განმავლობაში უწევს მეთვალყურეობას სკოლის მოსწავლეებს“

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის დირექტორი ნატა ძიძიგური:

„სკოლაში გამოყოფილი მყავს პირი, რომელიც ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე, ასევე ყოველდღიურად მორიგეები, კლასების დამრიგებლები სასწავლო ნაწილთან და ჩემთან ერთად, ზრუნავენ იმაზე, რომ ბავშვი სკოლაში იყოს უსაფრთხოდ. ვართ ყურადღებით მთელი დღის განმავლობაში. ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ ყველანაირი ინციდენტი, ბავშვების მხრიდან რამეს გაფუჭება და ასევე თავად ბავშვების დაზიანება ერთმანეთის მიერ. ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა ჩვენს სკოლაში და ჩვენს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველანაირი მსგავსი შემთხვევა გამოვრიცხოთ სკოლაში“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203