მთავრობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას გეგმავს. საკანონმდებლო ინიციატივა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა და მისი მიზანი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისთვის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მინიჭებაა.
სააგენტო მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ი იქნება.
როგორს კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, წარმოდგენილი კანონპროექტით ძლიერდება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის ინტენსიურობა, ხდება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების უფრო მაღალ დონეზე წამოწევა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა. ასევე გაძლიერდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ჩართულობა და მათი უფლებების დაცვა.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის შედეგად შეიქმნება.
„სააგენტო განახორციელებს თავის სახელმწიფო პროგრამებს, ხოლო მუნიციპალიტეტები პარალელურად გააგრძელებენ თავიანთი მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებას. ასევე სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები შეიძლება მოიცავდნენ და კოორდინირებაში იყვნენ მუნიციპალიტეტებთან და მათ მიერ განხორციელებულ პროგრამებთან. დღეის მდგომარეობით, მუნიპალიტეტების (მერიები, საკრებულოები) მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხდება ახალგაზრდული პროგრამების შემუშავება, ხოლო რიგ შემთხვევებში ისინი განხორციელდება სააგენტოსთან კოორდინირებით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.