განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში სკოლების დირექტორები აქტიურად ჩაერთნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ მათ რეფორმის მიმდინარეობის პროცესი გააცნო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლის ადმინისტრაციის როლის გაძლიერებას, მოსწავლეთა დასწრების აუცილებლობას, მშობელთა ჩართულობა და გამოცდების გაუქმების ფონზე მოსწავლეთა შეფასების სისტემის დახვეწის აუცილებლობას.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც სკოლის დირექტორებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს და ისაუბრეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლები წლების განმავლობაში. მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო სკოლის აუცილებლობაზე, მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდასა და მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების აუცილებლობაზე.
„სკოლების დირექტორებთან განვიხილეთ ყველა დეტალი, რაც თან სდევს რეფორმის განხორციელების პროცესს. მათ ღიად და გახსნილად ისაუბრეს სკოლებში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე. ასეთი შეხვედრები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან ჩვენ მხოლოდ მსგავსი კონსულტაციების საფუძველზე დავგეგმავთ იმ ცვლილებებს, რაც განათლების რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე განხორციელდება“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.
მინისტრის მოადგილის მხრიდან სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, მუდმივ კოორდინაციაში იყვნენ მშობლებთან და დროულად მიაწოდონ ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით.
როგორც სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანალოგიური შეხვედრები, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე გაგრძელდება.