დაბა შუახევის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ტენდერი სამინისტროს ქვეპროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში გამოცხადდა და მისი სავარაუდო ღირებულება 2 565 990 ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 240 მოსწავლეზე. შენობაში განთავსდება სასწავლო და დამხმარე ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო. შენობა ადაპტირებული იქნება, მოეწყობა ლიფტი, შესაბამისი სველი წერტილები და პანდუსი. ეზო სრულად კეთილმოეწყობა. აქვე განთავსდება: მოსაცდელი, ღია სპორტული მოედანი და სათამაშო მოედნები
ამ თემაზე etaloni.ge შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ედუარდ გოგრაჭაძეს დაუკავშირდა:
„სატენდერო წინადადებების მიღება 22 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვალს დასრულდება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლის დემონტაჟი დაიწყება და ახალი შენობა სკოლას 2020 წლისთვის ექნება. ამ დროის მანძილზე სკოლა ალტერნატიულ ფართში განთავსდება, რომლის მოძიებაც უკვე დავიწყეთ. განვიხილავთ რამდენიმე ვერსიას. თუ ადგილზე ვერ ვიპოვეთ შენობა, მაშინ მოსწავლეები ხიჯაურის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში ივლიან“.
ედუარდ გოგრაჭაძის თქმით, წელსვე იგეგმება უჩამბის საჯარო სკოლასთან მიერთებული ლაკლაკეთის დაწყებითი კლასების კორპუსის მშენებლობა.
სკოლის მშენებლობაზე ისაუბრა დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორმა მზია გოგაძემ:
„ახლა ალტერნატიულ ფართიზე ვზრუნავთ. ჩვენთან არის ერთი ძველი შენობა, რომელიც გამოუყენელია, მაგრამ ეგ მშენებელზეა დამოკიდებული, დაგვიტოვებს თუ არა, რადგან ამ შენობის ადგილზე მომავალში სკოლის ეზო უნდა იყოს. მე გამგეობის მრჩეველთა საბჭოს წევრიც ვარ და ხვალ არის სხდომა, სადაც ამ საკითხის განხილვას ვაპირებთ. მეორე შენობაცაა სკოლასთან ახლოს და იქნებ ის დაგვითმონ. ჯერ არ ვიცი, რა და როგორ გადაწყდება. რაც შეეხება, სკოლის ძველ შენობას, ის ძალიან დაზიანებულია, ავარიულია და რემონტს არ ექვემდებარება“.