რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სკოლებში - დირექტორების მოსაზრებები
21-02-2019

დირექტორობა და სკოლის მართვა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. დირექტორები თავიანთი მმართველობის პერიოდში ყველაფერს აკეთებენ, რათა მათი სკოლა ყველასგან გამორჩეული და წარმატებული იყოს. 

etaloni.ge დაინტერესდა, თუ რით გამოარჩევენ თავიანთი დირექტორობის პერიოდს საქართველოს გამორჩეული სკოლების მენეჯერები და მათ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა: 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა აწკარუნაშვილი

„სკოლაში წყალი არ იყო და ამ წლების მანძილზე მოვახერხეთ, რომ წყალი შემოგვეყვანა ლაბორატორიებში, სველ წერტილებში, საერთოდ, სკოლის ტერიტორიაზე. გაუმჯობესდა სწავლის ხარისხი, მოსწავლეები და მასწავლებლები სხვადასხვა კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ. მაგალითად, გორის მერიის კონკურსში ჩვენი მოსწავლე გამარჯვებულთა შორის მოხვდა, რაც ძალიან სასიხარულოა. გარდა ამისა, ძალიან მინდა, რომ სკოლაში ცენტრალური გათბობა დავაყენო. გაზის მილები სკოლის ღობემდეა თითქმის მოსული და მომავლის გეგმაში მაქვს გათბობის გაზზე გადაყვანა“. 

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა:

„ყველაზე დიდი მიღწევა რაც მაქვს, ჩემი დირექტორობის პერიოდში, სკოლის სრული რეაბილიტაციაა, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ განახორციელა. ამჟამად, სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, რომელიც სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პროექტს განათლების სამინისტრო ახორციელებს“. 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა შენგელია:

„მე უკვე 24 წელია, რაც სკოლის დირექტორი ვარ. რა თქმა უნდა, ამ დროის მანძილზე განხორციელდა ცვლილებები, თუმცა 2015-16  წლების შემდგომ მნიშვნელოვანი სიახლე არაფერი ყოფილა. სკოლა მთლიანად ადაპტირებულია, მორგებულია მოსწავლეების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე, სასწავლო პროცესი მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და შეძლების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეებმა თავი კარგად იგრძნონ“. 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი მუმლაური:

„მე 12 წელია, რაც სკოლის დირექტორი ვარ. ამ დროის მანძილზე სკოლაში ბევრი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით 2008 წელს სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია, 2014 წელს სკოლის რესურსებით მოეწყო სკოლის შიდა  ელექტროობა და რესურს-ოთახი. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ პროექტებში, კონკურსებში, პროგრამებში და წარმატებებსაც აღწევენ, ჯილდოვდებიან როგორც სიგელებითა და დიპლომებით, ასევე ფასიანი საჩუქრებით. სკოლა ყველა სიახლეს მეტ-ნაკლებად ხელს უწყობს და მომავალშიც ასე გაგრძელდება“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის დირექტორი ელენე საათაშვილი: 

„ჩვენი სკოლა 1990 წელს აშენდა და რემონტს საჭიროებდა. ჩემი დირექტორობის პერიოდში სკოლას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, საკლასო ოთახებში შეიცვალა ფანჯრები, გალამაზდა ოთახები. გარდა ამისა, სკოლის ეზოში გავაკეთეთ პატარა სკვერი. ვიტყვი, რომ ამ დროის მანძილზე გვაქვს ძალიან დიდი მიღწევები, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ კონკურსებში და თანამშრომლობენ სხვადასხვა ფონდთან, ერთვებიან პროექტებში, გამოვყოფდი თქვენთან, „ეტალონთან“ თანამშრომლობასაც. დავამატებ, ასევე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც განვახორციელეთ, იყო ის, რომ სკოლაში ახლა გვაქვს დაცული და უსაფრთხო გარემო, გვყავს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და სკოლის ექიმი“. 

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე:

„ბევრი ცვლილება განხორციელდა, თუმცა გამოვარჩევდი რამდენიმეს: სასწავლო პროცესი უფრო დახვეწილი, მიზანმიმართული და მოსწავლეზე ორიენტირებული გახდა, სასკოლო ცხოვრებამ უფრო მრავალფეროვანი სახე მიიღო, სასკოლო კლუბებმა დაიწყეს აქტიური ფუნქციონირება (სამოქალაქო განათლების კლუბი, ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი), სკოლა ბევრ ღონისძიებაში ერთვება და შესაბამისად, გვაქვს მრავალი წარმატება“. 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან ჭიხინაშვილი:

„ჩვენს სკოლაში მოსწავლეები საზღვრისპირა სოფლიდან დადიან და შეძლებისდაგვარად ერთვებიან ღონისძიებებში. ისინი მონაწილეობენ გაეროს ეგიდით ჩატარებულ პროექტებში, კონკურსებში, ღონისძიებებში. რაც შეეხება სასკოლო ცხოვრებას, სკოლაშიც ხშირად იმართება სხვადასხვა ღონისძიება, სპექტაკლები, სპორტული შეჯიბრებები, ინტელექტუალური თამაშები. ასევე, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში“. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხატიაშვილი:

„31 წელი გავიდა, რაც დირექტორი ვარ. სკოლაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მომხდარა, თუმცა გამოვარჩევდი იმას, რომ ახლა სკოლას საკუთარი შენობა აქვს და მის გალამაზებაზე ვზრუნავთ. შევღებეთ სკოლის ფასადი, ნელ-ნელა შემოგვაქვს საჭირო ინვენტარი და ნივთები, ბიბლიოთეკისთვის ცალკე გამოვყავით შენობა, გავარემონტეთ სველი წერტილები, სკოლას ირგვლივ შემოვავლეთ სარინელი. ჩვენს სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ კონკურსებში, პროექტებში და თავადაც აქტიურად ახორციელებენ აქტივობებს. იშვიათად თუ არის წელი, როცა არ გვყავს ვერცხლის ან ოქროს მედალოსანი მოსწავლე. ასევე, სკოლისთვის შევიძინეთ კომპიუტერები, როგორც სასწავლოდ, სამუშაოდ და სსსმ მოსწავლისთვის“. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი ციცო ტარუაშვილი:

„მე რომ სკოლაში მოვედი, შეიძლება ითქვას, რომ სკოლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. არ იყო დენი და შენობაც რემონტს საჭიროებდა. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ფარგლებში სკოლა მთლიანად გარემონტდა, მოწესრიგდა სველი წერტილები, ლაბორატორიები. ახლა სკოლაში სწავლისთვის კომფორტული გარემოა შექმნილი. გარდა ამისა, მოსწავლეები ყოველგვარი რეპეტიტორების გარეშე იღებენ 100%-იან გრანტს, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, კონფერენციაზე, სკოლაში ასწავლიან სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომლებიც ასევე, ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობაში. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ხდება სკოლისა და პედკოლექტივის ხელშეწყობით“. 

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა:

„სკოლაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ახალ მიდგომებს, მოსწავლეზე ორიენტირებულ მეთოდებს, მათ კეთილგანწყობას, შედეგზე ორიენტირებას და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად სწავლა-განათლებას. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, რასაც მე ვემსახურები 2010 წლიდან, იმის მერე, რაც დირექტორად დავინიშნე. გარდა ამისა, პედაგოგები ყველანაირად უწყობენ ხელს მოსწავლეებს, ისინი მონაწილეობენ თითქმის ყველა კონკურსში, აღწევენ წარმატებებს და რაც მთავარია, გრძნობენ სკოლის მხარდაჭერას“. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კოლოტაშვილი:

„ჩემი დირექტორობის პერიოდში სკოლაში რამდენიმე სიახლე განხორციელდა. სკოლა რეაბილიტირდა მთლიანად, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურულად, შეიქმნა უსაფრთხო გარემო და ჩამოყალიბდა კარგი, სასიამოვნო ურთიერთობები, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა ჩვენს სკოლას. მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვებიან, აქვთ გარკვეული წარმატებები, მშობელთა ჩართულობაც დიდია , ტარდება მრავალფეროვანი ღონისძიებები. ასევე, სკოლას შემოვავლეთ ღობე და ამით უფრო მეტად დაცული გარემო შევქმენით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და იმედი მაქვს, მომავალი წლები უკეთესი იქნება“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203