განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, შემოდგომიდან დაიწყება მე-10 კლასის მოსწავლეების გამოცდის მოდელის პილოტირება, 2020 წლიდან კი ეროვნული შეფასების პრაქტიკა დაინერგება, რომლის მიხედვითაც, მე-6 და მე-10 კლასის მოსწავლეები გამოცდებს ჩააბარებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა და მათი მოსაზრებები მოისმინა:
თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯარმელიშვილი:
„თუ სკოლა აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც განათლების სამინისტრო აწესებს, მაშინ მოსწავლე გამოცდისთვის ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად. ამდენად, ეს გამოცდა ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, პოზიტიური მოვლენაა. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეების კონცენტრაციას და ყურადღების მობილიზებას. ახლა მთავარია, თვითონ გამოცდის მიზანი, სტრუქტურა და შინაარსი გავიგოთ, მოსწავლეების რა სახის ცოდნას შეამოწმებს ის და როგორ“.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ყიფშიძე:
„გამოცდების ჩაბარებაში საგანგაშო არაა, რადგან მოსწავლეები მთელი წლის მანძილზე ისედაც სწავლობენ და ეს გამოცდა, მით უმეტეს საპილოტე, მათ ცოდნას დაადასტურებს. ამიტომ, საკმაოდ მიზანშეწონილი და სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მეათეკლასელებს საპილოტე გამოცდა ჩაუტარდეთ. რაც შეეხება, საატესტატო გამოცდების გაუქმებას, ამ რეფორმას დადებითად ვაფასებ“.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ტერუნაშვილი:
„მივესალმები ამ გამოცდას, იმიტომ რომ, ჯერ ერთი მოსწავლეების მზაობა გამოჩნდება საშუალო საფეხურზე გადასასვლელად, მეორე - მათ წლიურ შეფასებას გავიგებთ და მათაც თავიანთი ცოდნის კომპეტენცია დაუდასტურდებათ. სწორედ ამიტომ, მე და კიდევ ბევრი დირექტორი ამ გამოცდას დადებითად ვაფასებთ“.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის საჯარო სკოლის დირექტორი ელიზავეტა ხაბაზიშვილი:
„მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ის სასკოლო გამოცდები არ უნდა გაუქმებულიყო. მოსწავლეები სწავლობდნენ, ემზადებოდნენ და უფრო მობილიზებული იყვნენ. ამიტომ, საპილოტე გამოცდების ჩატარებას დადებითად ვუყურებ და არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო“.
რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯის“ დირექტორი გულჩინა ჭიკაძე:
„ეს გამოცდები ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის უცხო ნამდვილად არაა, რადგან ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ მსგავს, ანალოგიურ სასკოლო გამოცდას. ამდენად, მე მივესალმები ამ გამოცდების ჩატარებას, თუკი სკოლა მას დამაჯერებლად და ობიექტურად ჩაატარებს“.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ბერიძე:
„დადებითად ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას, რადგან გამოცდები სკოლისთვის აუცილებელია. ზოგადად, საატესტატო გამოცდების მოხსნის წინააღმდეგიც ვიყავი, რადგან ამ გამოცდების გაუქმების შემდეგ მე-12 კლასელები საერთოდ აღარ დადიან სკოლაში. ამიტომ, ვემხრობი, რომ მეათეკლასელებმა საპილოტე გამოცდები ჩააბარონ“.
ბათუმის N30 საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ბარამიძე:
„ვფიქრობ, რომ საკმაოდ დროული და საჭირო ინიციატივაა. თუ მეათე კლასით დასრულდება საბაზო საფეხური, მაშინ მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა ჩააბარონ გამოცდა. ეს მათ მისცემს მიმართულებას, უმაღლესში გააგრძელონ სწავლა თუ პროფესიულ სასწავლებელში“.
ბათუმის N26 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გოგიშვილი:
„ძალიან კარგია და მივესალმები ამ ინიციატივას. რადგან საატესტატო გამოცდები მოიხსნა, აუცილებელი იყო ჩატარებულიყო გამოცდა. ეს გამოცდები გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა მოსწავლემ სწავლა თუ პროფესიას დაეუფლოს. მე სკოლაში შინაგანაწესის მიხედვით მაინც ვატარებდი გამოცდებს მერვედან მეათე კლასის ჩათვლით, რათა მოსწავლეებისთვის უცხო არ ყოფილიყო კომპიუტერთან ტესტირება. ძალიან გამიხარდება, თუ საპილოტე სკოლებში მოვხვდებით და ჩემი სკოლის მოსწავლეებსაც მოუწევთ ამ გამოცდების ჩაბარება“.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურციალოს საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ადამია:
„ზოგადად ამ ინიციატივას დადებითად ვაფასებ. ასევე, მივესალმები იმ აზრს, რომ გამოცდები ჩატარდეს მეექვსე კლასშიც. მოსწავლეები უფრო მობილიზებულნი იქნებიან და სწავლას მეტ ყურადღებას მიაქცევენ. საერთოდ, საბაზო საფეხურის მეათე კლასამდე გაზრდასაც ვემხრობი, ეს მოსწავლეებს უფრო მეტად მისცემს საშუალებას, აირჩიონ სასურველი უნივერსიტეტი ან სწავლა განაგრძონ პროფესიული მიმართულებით“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა სახვაძე:
„ამ ინიციატივას დადებითად ვუყურებ. მივესალმები იმ იდეას, რომ მოსწავლეებმა გამოცდები უნდა ჩააბარონ, რათა ცოდნის კომპეტენცია დაადასტურონ. კარგი იქნება, თუ მეექვსეკლასელებიც ჩააბარებენ იმ გამოცდას, რომელიც დაანონსდა. ეს მხოლოდ დაგვეხმარება ჩვენ, რათა გავიგოთ მოსწავლის შესაძლებლობები და დავეხმაროთ იმ კონკრეტულ ასპექტში, რომლის დაძლევაც უჭირს“.