რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯე“ და მისი მოსწავლეები მუზეუმებთან აქტიურად თანამშრომლობენ და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამჯერად სკოლის აღსაზრდელები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც გამოფენა - „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“ დაათვალიერეს.
„ამჯერად ჩვენმა ბავშვებმა იხილეს უნიკალური ხელნაწერები - გელათის ოქრომელნით მოხატული ოთხთავი, უშუალოდ დავითთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ხელნაწერები - „გალობანი სინანულისანი“, „რუის-ურბნისის ძეგლიწერა“. ექსპონატებს შორის უმნიშნელოვანესია „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერები: „მარიამისეული“ ხელნაწერი და „ქართლის ცხოვრების“ ანა დედოფლისეული ხელნაწერი.
მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს „ქართლის ცხოვრების“ ორი ხელნაწერის ფოტო ასლზე, მარიამისეულ და ანასეულ ნუსხებზე. ორივე ხელნაწერი შეიცავს დავით აღმაშენებლის შესახებ ცნობებს. მოსწავლეებმა, ცოტა ხნით მოირგეს მკვლევრის როლი და შეეცადნენ, დაედგინათ რა შინაარსობრივი მსგავსება და განსხვავებაა ამ ორ ტექსტს შორის. აქტივობის ბოლოს ჯგუფმა პრეზენტაცია წარმოადგინა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები