მასწავლებლობა რთული პროფესიაა, თუმცა განსაკუთრებით რთული პედაგოგიური საქმიანობის დაწყების პირველი წლებია. დამწყებ მასწავლებელს ბევრი სირთულისა თუ პრობლემის გადალახვა უწევს, თუმცა საკუთარი პროფესიის სიყვარული ადამიანს ყველა ბარიერს გადაალახვინებს.
რას ურჩევენ საჯარო სკოლების გამოცდილი დირექტორები დამწყებ პედაგოგებს - etaloni.ge-მ ამ კითხვით გამორჩეული სკოლების მენეჯერებს მიმართა:
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორი რეგინა ადუაშვილი:
„მთავარია, რომ თავიანთი საგანი იცოდნენ სრულყოფილად, აკმაყოფილებდნენ თანამედროვე მოთხოვნებსა და მიდგომებს და იცოდნენ, როგორ მოექცნენ მოსწავლეებს, როგორ მიუდგნენ ბავშვებს“.
ბათუმის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე:
„დამწყებ მასწავლებლებს ვურჩევდი, მეტი ყურადღება მიაქციონ მოსწავლეებს და მათზე ორიენტირებული აქტივობები განახორციელონ, პროფესიულ განვითარებაზე იზრუნონ აქტიურად და საკლასო სივრცეში მუშაობისას ყველა სიახლე, თანამედროვე მიდგომა და ინოვაცია გამოიყენონ“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მთვარელიძე:
„პირველ რიგში, დამწყები პედაგოგები კარგად უნდა გაეცნონ საკანონმდებლო ბაზას, ზოგადად, განათლების სფეროს, პროფესიულ სტანდარტებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის ეთიკას და ზოგადი განათლების მიზნებს. გარდა ამისა, სასურველია თუ მასწავლებელი ითანამშრომლებს კათედრებთან და მათთან ერთად აქტიურად იმუშავებს. აუცილებელია, რომ გაკვეთილზე წინასწარ მომზადებული შევიდეს, რაც გამოიხატება იმაში, რომ გაწეროს წინასწარ საგაკვეთილო გეგმა და სათანადო მოემზადოს გაკვეთილის ჩასატარებლად. ბოლოს კი, ჩემი რეკომენდაცია იქნება შემდეგი - დაესწროს გამოცდილი პედაგოგების გაკვეთილებს, გაითვალისწინოს მათი რჩევები და ანალოგიურად, თავის გაკვეთილზეც დაასწროს კოლეგები, რათა მათი შენიშვნები და კრიტიკა გაითვალისწინოს მომავლისთვის“.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ხვიბლიანი:
„პირველ რიგში, მასწავლებელი კარგად უნდა გაეცნოს მოსწავლეებს, შეიცნოს ისინი და გაიგოს, ვის როგორი მიდგომა სჭირდება. ის მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში და ყველაზე კარგი იქნება, თუ ექნება სწორად შედგენილი საგაკვეთილო გეგმა, რომელიც მას გაკვეთილის დაგეგმვასა და წარმართვაში დაეხმარება“.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა დაიაური:
„მთავარია, ბავშვებთან დაამყაროს კარგი ურთიერთობა და იყოს პროფესიონალი. უნდა უყვარდეს თავისი საქმე და მოწოდებით იყოს პედაგოგი“.
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მ/შ იამზე ლობჟანიძე:
„პროფესია უნდა უყვარდეთ, მნიშვნელოვანია ბავშვების სიყვარულიც და მუდმივად უნდა ზრუნავდნენ თვითგანვითარებაზე. გარდა ამისა, უნდა იყვნენ სამართლიანები, პროფესიონალები და ობიექტურები“.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის დირექტორი კობა შენგელია:
„პირველ რიგში, გადაწყვეტილება, რომ გახდნენ პედაგოგები, ჩამოყალიბებული და გააზრებული უნდა ჰქონდეთ, მეორე - უნდა გააჩნდეთ ღრმა საგნობრივი ცოდნა, მეთოდურ მხარეებსა და მიდგომებს კი დროთა განმავლობაში შეისწავლიან, როცა გამოცდილებაც მოემატებათ და მესამე - არ უნდა შეუშინდნენ პრობლემებსა და სირთულეებს, რომლებიც სტრესულ სიტუაციებთან ერთად სკოლაში აუცილებლად ექნებათ“.
ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი:
„დამწყებ მასწავლებლებს ვურჩევ, პირველ რიგში, პროფესიულ განვითარებას, სხვადასხვა პროექტში აქტიურ ჩართვას, ძალადობის, ბულინგის პრევენციისთვის საჭირო გზების მოძიებას, კონფლიქტების მართვისა და გადაწყვეტის ხერხების პოვნას და ყოველდღიურ სწავლა-შემეცნებას“.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ აბულაძე:
„ჩემი რჩევა იქნება, რომ დამწყებმა პედაგოგებმა, პირველ რიგში, სტატუსი მოიპოვონ. ვგულისხმობ იმას, რომ დღესდღეობით მხოლოდ ბაკალავრის სტატუსი არ არის საკმარისი, აუცილებელია მაგისტრის ხარისხიც, რათა პროფესიულ წარმატებას მიაღწიოს ვინმემ. ამიტომ, დამწყებმა პედაგოგებმა უნდა გაიარონ ტრენინგ-კურსები, ისწავლონ ბევრი და საწყის ეტაპზე ჩამოყალიბდნენ, როგორც პედაგოგები. სხვა დანარჩენი კი დროსა და გამოცდილებასთან ერთად მოვა“.