მანდატურის სამსახური მოსწავლის სუიციდის მცდელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
28-02-2019

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 28 თებერვალს მანდატურს შეატყობინეს მათი თანაკლასელი გოგონას მხრიდან შესაძლო სუიციდის მცდელობის თაობაზე. 

კერძოდ, როგორც მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გოგონამ სატელეფონო შეტყობინებით თანაკლასელს აცნობა, რომ სკოლაში მისვლამდე, სუიციდის მიზნით, მედიკამენტები მიიღო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს დილით, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მოხდა.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მანდატურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, უმოკლეს დროში მოძებნა გოგონა, გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა.

ამჟამად, მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეში ასევე ჩაერთო მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი. მოზარდთან მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები იმუშავებენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ვთხოვთ ყველა საინფორმაციო საშუალებას, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ აღნიშნული ფაქტის ინტერპრეტირებისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“,-ნათქვამია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203