„2018 წელს რამდენიმე სკოლამ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისას კანონი დაარღვია“
01-03-2019

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების შესახებაც არის საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მოქალაქეთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ინსპექტორის აპარატმა 8 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა და მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების არაერთი ფაქტი გამოვლინდა.

„ინსპექტორის მიერ შესწავლილი ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, რომლის მშობელსაც დამცავი ორდერის საფუძველზე აეკრძალა ბავშვთან კომუნიკაცია და მიახლოება. ბავშვი ცხოვრობდა თავშესაფარში და მას მზრუნველობას უწევდა სახელმწიფო. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი საცხოვრებელი ადგილის (ქალაქის) და სკოლის შეცვლა. მიუხედავად ამისა, მშობელმა შეიტყო მისამართი და გამოცხადდა სკოლაში. შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ სკოლამ, სადაც თავდაპირველად სწავლობდა ბავშვი, ვერ უზრუნველყო მობილობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. კერძოდ, სკოლამ არაუფლებამოსილ მასწავლებელს, ფოსტის სერვისცენტრში ჩასაბარებლად, დაულუქავი ფორმით გადასცა მოსწავლის დოკუმენტაცია.

მოსწავლის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ბავშვის ინტერესები, საფრთხე შეუქმნა მის ფიზიკურ უსაფრთხოებას. სკოლა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. ინსპექტორის დავალების საფუძველზე სკოლამ მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციულტექნიკური ზომები, კერძოდ: გამართა შეხვედრა სკოლის ყველა თანამშრომელთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; განამტკიცა კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპი სკოლის შინაგანაწესში; შეიძინა შესაბამისი კონვერტები და დაადგინა კორესპონდენციის კურიერის მეშვეობით და დახურული ფორმით გაგზავნის პროცედურა.  

ერთ-ერთმა მშობელმა ინსპექტორს აცნობა, რომ საჯარო სკოლამ ჟურნალისტს გადასცა მისი არასრულწლოვანი შვილის პერსონალური მონაცემების შემცველი განცხადება, რომელიც მოსწავლის თანაკლასელებთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. დადგინდა, რომ ჟურნალისტს განცხადება გააცნო სკოლის დირექტორმა და ნება დართო, მისთვის ფოტო გადაეღო, ჟურნალისტმა კი მიღებული მასალა სტატიის სახით გამოაქვეყნა. სკოლა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, დაეკისრა ჯარიმა და მიეცა დავალებები შემდგომში დარღვევების პრევენციისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სკოლებს, სადაც მოსწავლეების შესახებ მოცულობითი და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ინახება, ვინაიდან ამ მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებამ, მით უფრო გამჟღავნებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვნის შემდგომ ცხოვრებაზე, შეზღუდოს მისი პირადი ცხოვრებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები.

არასრულწლოვანი პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას:

  • ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და მისი აზრი, ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუდმივად უნდა იზრუნონ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაზე;
  • არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავებისას დარღვევათა პრევენციისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ორგანიზაციამ აწარმოოს მონაცემთა დამუშავების პროცესის ჯეროვანი მონიტორინგი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება გამოვლენილ დარღვევებზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203