არის თუ არა სკოლებში ფსიქოლოგის კადრი დაშვებული და რამდენად აუცილებელია მათი ყოველდღიური ურთიერთობა სკოლის მოსწავლეებთან - სკოლის დირექტორები საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებენ.
მასწავლებლები და მოსწავლეები სასწავლო პროცესში გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან, რომლის მოგვარებაც ხშირად, სპეციალური პირის გარეშე დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
Etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს, რამდენად აუცილებელია სკოლაში ფსიქოლოგი და რამდენად ხშირად საჭიროებენ სკოლის მოსწავლეები ფსიქოლოგის ჩარევას:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ლურსმანაშვილი:
„ფსიქოლოგის საჭიროება, ალბათ ყველა სკოლაში არის. ვერ ვიტყვი, რომ პირადად ჩემს სკოლას ამის აუცილებლობა აქვს, თუმცა ვფიქრობ, ფსიქოლოგის კადრი, მაინც საჭიროა დღევანდელი ეკონომიური თუ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ბავშვები მეტნაკლებად მაინც ემოციურები არიან, ხშირად განიცდიან რაღაცებს, მოსწონთ ან არ მოსწონთ რამე. სწორედ აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგის კადრი ნამდვილად საჭიროა სკოლებში“.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი:
„ფსიქოლოგი, ზოგადად, ყველა სკოლაში აუცილებელია და მით უმეტეს ჩემთან, ჩვენს სკოლაში. ეს არის აზერბაიჯანულენოვანი სკოლა და მკვეთრად განსხვავებულია შეხედულებები სხვადასხვა საკითხის მიმართ. ამდენად, ვფიქრობ აუცილებელია პირი, რომელსაც მათთან ექნება ხშირი ურთიერთობა და საუბრები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, თუნდაც, ადრეულ ასაკში გათხოვება და ა.შ. განსაკუთრებით რთულია ურთიერთობა უფროსი ასაკის მოსწავლეებთან და მათ განსაკუთრებული მიდგომები sჭირდებათ, ხშირად“.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლის დირექტორი მარინა თორდინავა:
„ვფიქრობ, ფსიქოლოგის კადრი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მე 45 მოსწავლე მყავს სკოლაში, ძალიან ბევრი კადრი არ მყავს, მათ შორის არც ფსიქოლოგის და ჩვენ თვითონ, პედაგოგებს გვიწევს სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა მოსწავლეებთან, საუბრები და რჩევები. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება ბავშვთან ქონდეს კომუნიკაცია ნებისმიერ თემაზე, აუცილებელია“.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა:
„ჩვენი სკოლა არის საბაზო და ამავდროულად მცირეკონტიგენტიანი. სულ 31 მოსწავლე გვყავს და ვცდილობთ ჩვენ, პედაგოგები, როგორც მშობლები ისე მივუდგეთ ჩვენს თითოეულ მოსწავლეს და დავეხმაროთ მათ ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. ჩვენი მოსწავლეები მაინც პატარები არიან და ამდენად მათთან სპეციალისტის ურთიერთობის საჭიროება იმდენად დიდი არ არის, რამდენადაც იქნებოდა ეს უფროსკლასელებთან. 9 კლასის ზემოთ ნამდვილად არის ის ასაკი, როდესაც მოსწავლეებთან სხვადასხვა პრობლემის არსებობის შემთხვევაში უშუალოდ სპეციალისტმა უნდა იმუშაოს. რადგან ხშირად ხდება მოზარდებში ისეთი შემთხვევები, როდესაც საჭიროა კომპეტენტური პირის ჩარევა“.
თბილისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გაბაიძე:
„სკოლაში, როგორც ასეთი, ფსიქოლოგის კადრი ოფიციალურად არ გვაქვს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში გვაქვს საშუალება მივმართოთ მანდატურის სამსახურს, რომელიც დაგვეხმარება და გადაგვამისამართებს ფსიქოლოგთან. ზოგადად, ფსიქოლოგი ნამდვილად აუცილებელია სკოლებში, რადგან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ვხედავთ, რომ მოსწავლე გახდა გულჩათხრობილი, დარდიანი, სჭირდება ვინმესთან გასაუბრება და ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება. ასეთ დროს, შესაძლებელია, მოსწავლე იმდენად არ გაიხსნას დამრიგებელთან ან პედაგოგთან, როგორც ფსიქოლოგთან შეძლებდა ამას, რომელიც უკეთესად მონახავდა მასთან ურთიერთობის გზებს. ფსიქოლოგი ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ტიპის ბავშვთან საჭიროა, თუმცა რთული ქცევის ბავშვებთან ხომ მით უმეტეს. ძალიან კარგი იქნებოდა ყველა სკოლაში ყოფილიყო ასეთი ოფიციალური კადრი, თუმცა ყველაფერი მაინც ფინანსებთან არის დაკავშირებული“.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე:
„წლებია ვნატრობ, ნეტა მანდატური და ფსიქოლოგი მყავდეს. დღევანდელ დღეს, ამდენი ბულინგისა და უსამართლობის ფონზე, ფსიქოლოგის არსებობა სკოლაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ფსიქოლოგი მხოლოდ მოსწავლეებში კი არა, მასწავლებლებსაც სჭირდება. კარგი იქნებოდა, თუნდაც ახალგაზრდა კადრი, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია და იცის მიდგომა ბავშვების სხვადასხვა ასაკთან, დაძაბული სიტუაციების განმუხტვა და ხშირად თუნდაც შუამავლის როლის მორგება. ამ ყველაფრის გაკეთება ახლა ჩვენ გვიწევს. დირექტორი თავად გვევლინება ფსიქოლოგის და შუამავლის როლში, რომელსაც ბევრი პრობლემის გადაწყვეტა უწევს. ასეთ ფსიქოლოგიური საკითხების გადაწყვეტა ბავშვებში, ცხადია, არაპროფესიონალურ დონეზე, რადგან მე პროფესიით ფსიქოლოგი არ ვარ, ძალიან რთულია. ასეთ დროს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, სპეციალური მიდგომები, შესაფერისი გზების მონახვაა საჭირო“.
აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის საჯარო სკოლის დირექტორი გია მიგინეიშვილი:
„თანამედროვე ცხოვრებამ ნამდვილად მოიტანა ფსიქოლოგის აუცილებლობა. ბავშვებს ხშირად ნამდვილად სჭირდებათ ფსიქოლოგის ჩარევა, რაც ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ბევრ ბავშვს არ ყავს მშობელი სახლში, აკლიათ ყურადღება და ისინი ძალიან ბევრ რამეს განიცდიან. ჩვენს სკოლაში ფსიქოლოგი არ გვყავს, თუმცა რესურსცენტრში ადრევე გაგვაფრთხილეს, რომ ფსიქოლოგის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ქუთაისში არსებულ ცენტრებში, რომლითაც ჩვენმა მოსწავლემ ისარგებლა უკვე“.