საშუალო საფეხურის მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეებს, წახალისების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს და შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს.
მიუხედავად იმისა, რომ მედლების გაცემის პრაქტიკა ახალი არ არის, etaloni.ge-ს არაერთი მოსწავლე მომართავს კითხვით, თუ რა პრინციპით გაიცემა ოქროსა და ვერცხლის მედალი, რომელი კლასის ნიშნებს ექცევა ყურადღება და რა შეფასება უნდა ჰქონდეთ მედლის მისაღებად.
როგორც etaloni.ge-ს განათლების სამინისტროდან აცნობეს, ოქროს ან ვერცხლის მედლის მისაღებად ყურადღება მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ნიშნებს ექცევა, ხოლო მოსწავლეების ქულა შემდეგნაირად გამოითვლება:
„მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
ხოლო მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან 9.9, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს“, - განაცხადეს სამინისტროში.