მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა
07-03-2019

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი აცხადებს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას – განათლების ეროვნულ კონცეფციას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც ახალი ინიციატივა  „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, კონცეფციის ფარგლებში სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, ყოველწლიურად, ქვეყნის ეროვნული დოვლათის 6%, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი, წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად. 

რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. მაშინ ითქვა, რომ ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა. მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვსურს გასვლა. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით - „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს განათლების სექტორში ყოველწლიურად. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სექტორი და მიაღწევს 10 - 11%-იან წილს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა.

დღეს ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ, რომ საქართველო გაიცნო მსოფლიომ, როგორც უნიკალური კულტურის ქვეყანა. მე გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას. განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი. სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ხედვა და ინიციატივა - განათლების მეშვეობით სიღარიბისა და ოკუპაციის დაძლევის გეგმა. ეს არის ეროვნული იდეა, რომლის განხორციელებას ახლა მხოლოდ ერთადერთი რამ სჭირდება - ეს არის მთელი საზოგადოების კონსენსუსი და საქართველოს მოქალაქეების საყოველთაო ეროვნული შეთანხმება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203