თბილისის N6 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეული გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა
07-03-2019

თბილისის N6 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ორიგინალური და შემეცნებითი ღონისძიებებით აღნიშნეს. 

საზეიმოდ მორთულ დერეფანში მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების გვერდით, დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შექმნილი ნახატები, მისალოცი ბარათები თუ ხელნაკეთი ნივთები იწონებდნენ თავს. 

კვირეულში სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. სკოლის დირექტორის, თამარ აბაზაძის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში გაიმართა კონკურსები, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, მოეწყო ნახატების გამოფენა. 

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კვირეულში მოსწავლეები ასე აქტიურად ჩაერთნენ, რადგან ამ ღონისძიებებმა საშუალება მოგვცა აღმოგვეჩინა ჩვენი სკოლის ნიჭიერი მოსწავლე, მარიამ ბარაბაძე, რომელიც საოცრად ხატავს. ჩვენ მისი ნახატები სკოლაში გამოვფინეთ და დღეს, შემაჯამებელ ღონისძიებაზე ყველას ექნება მათი დათვალიერების საშუალება“ - აღნიშნა თამარ აბაზაძემ. 

მარიამი მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ის ბავშვობიდანვე ხატავს, თუმცა აქამდე მისი ნახატები ფართო აუდიტორიისთვის უცნობი იყო. 

ხატვის პროცესი ძალიან მომწონს. ძირითადად, ფანქრებით, გუაშებით და პასტელით ვხატავ. მინდა, რომ ამ საქმეს გავყვე და აკადემიაში ჩავაბარო. ამ კვირეულმა ერთგვარი შანსი მომცა, რომ ჩემი ნახატები გამომეფინა, აქამდე თითქმის არ ვმონაწილეობდი არც ერთ კონკურსში“ - თქვა მარიამ ბარაბაძემ. 

გარდა ზემოაღნიშნული აქტივობებისა, სკოლაში წიგნების კითხვის პროექტიც ხორციელდებოდა, რომელშიც მონაწილე მოსწავლეები სამი თვის მანძილზე სხვადასხვა ლიტერატურას კითხულობდნენ. 

ამ პროექტის შესახებ ვრცლად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ლელა ტუღუშმა ისაუბრა:

ჩვენ ყოველ ორშაბათს გვაქვს მხატვრული კითხვის დღე და სწორედ ამ დღიდან წამოვიდა პროექტის განხორციელების იდეაც. მინდა ვთქვა, რომ მოსწავლეები დიდი სიხარულით და ინტერესით ჩაერთნენ პროექტში და კითხულობდნენ წიგნებს, ზუსტად იმათ, რისი კითხვაც მათ სურდათ. სწორედ ამან გამოიწვია მოსწავლეების მასიური დაინტერესება და ჩვენც წახალისების მიზნით მათ წიგნებით დავაჯილდოვებთ“. 

შემაჯამებელ ღონისძიებას სკოლის დირექტორი თამარ აბაზაძე უძღვებოდა. მან სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოვა და დამსწრე აუდიტორიას გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. 

ღონისძიებაზე სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ პედაგოგები, სკოლის ადმნისტრაცია და მომსახურე პერსონალი. განსაკუთრებული აპლოდისმენტები წილად ხვდა სკოლის მათემატიკის პედაგოგს, ნინო სანაიას, რომელიც სულ მალე ხუთი შვილის დედა გახდება, თავად დირექტორმა კი საჩუქრად სითბო, სიყვარული, მხურვალე ტაში და ფერად-ფერადი ყვავილები მიიღო. 

„დასასრულს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“, ასეთი მხარდაჭერისთვის და პარტნიორობისთვის. თქვენ მუდამ ჩვენი მეგობარი და თანამოაზრე იქნებით“ - აღნიშნა თამარ აბაზაძემ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203