„2022 წელს განათლების სექტორის დაფინანსება 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს გაუტოლდება“ - მამუკა ბახტაძე
08-03-2019

„2022 წელს განათლების სექტორის დაფინანსება 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს გაუტოლდება“ - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წელს მთავრობამ გადმოიბარა განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მილიონ ლარს არ აღწევდა.

„ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ხედვა განათლების კონცეფციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ გახლავთ მხოლოდ განათლების კონცეფცია. ეს არის ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ დაძლიოს ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს ქვეყნის წინაშე. 

განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუ ქვეყნის ეკონომიკაში განათლების სექტორს არ უჭირავს ორნიშნა ციფრი, ანუ არ აქვს 10-11% მშპ-ში, 21-ე საუკუნეში, ასეთ ერებს ძალიან უჭირთ კონკურენცია საერთაშორისო ბაზრებზე, ვინაიდან ვერ ხდება ადამიანური კაპიტალის სწორი განვითარება. სწორედ ეს არის ჩვენი ორიენტირიც, რომ აღნიშნული იდეის განხორციელების შემდეგ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში და ის იყოს მინიმუმ ორნიშნა ციფრი.

2012 წელს გადმოვიბარეთ განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მილიონ ლარს არ აღწევდა, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე ჩვენ დაახლოებით მილიარდ 600 მილიონ ლარს გავითვალისწინებთ. 2020 წელს ის გახდება 2 მილიარდი, 2021 წელს 2 მილიარდ ნახევარი, ხოლო ჩვენი ინიციატივის შედეგად, 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, ანუ 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს, ხოლო შემდგომი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე თუ ყველა შემდგომი მთავრობა ვალდებული იქნება მშპ-ის 6%, ანუ ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედი მიმართოს განათლებაზე, ახალგაზრდობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი შემდეგ მიმართულებებზე იქნება მიმართული:

  • სკოლამდელი განათლება
  • საშუალო განათლება
  • პროფესიული განათლება
  • უმაღლესი განათლება
  • მეცნიერული განათლება

გუშინ მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა და განაცხადა, რომ ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტი“, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს, რომ სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში. საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობა პარლამენტში წარადგენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203