მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 3 მოზარდი დაიჭრა
09-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს. მიმდინარე წლის 2 მარტს თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზად ერთ-ერთი მოზარდის დისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სახელდება. როგორც ცნობილია, ჩხუბში, რომელშიც თვითმხილველების ინფორმაციით, 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა, 3 მოსწავლე დაშავდა.

მომხდარ შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, ერთ-ერთის განცხადებით, დაპირისპირება 20 წუთს გრძელდებოდა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება მივიდა

ჩხუბში თბილისის N10 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რასაც სკოლის დირექტორიც ადასტურებს. ბელა ხუბუტიას განცხადებით, შემთხვევა სკოლიდან მოშორებით იმ პერიოდში მოხდა, როცა სასწავლო პროცესი უკვე დასრულებული იყო.

„ეს მოხდა ჭყონდიდელის ქუჩაზე არასასწავლო დროს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხუთშაბათს დაჭრილსა და ლუკას დას შორის პატარა კონფლიქტი იყო. კერძოდ, დაჭრილმა მის დას არაკორექტულად მიმართა, რამაც მოზარდის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ დათქვეს შეხვედრა, ერთმანეთს არასასწავლო დროს შეხვდნენ და მოხდა ის, რაც მოხდა“, - აცხადებს ბელა ხუბუტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დროს 2002 წელს დაბადებულმა პირმა ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა 3 არასრულწლოვანს.

„სამივე დაზარალებული საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი, სადაც სამედიცინო მკურნალობას აგრძელებს ერთ-ერთი მათგანი, ხოლო ორი არასრულწლოვანი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა. პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით არასრულწლოვანი ბ. მ. დააკავეს. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203