უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდა.
კერძოდ კი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს სტატუსი 5 წლით შეუჩერდათ
„2019 წლის 4 მარტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. საბჭოს ოქმი და გადაწყვეტილება ვებ-გვერდზე განთავსდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს 2019 წლის 5 მარტიდან 5 (ხუთი) წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2019 წლის 11 მარტს 14:00 საათზე გაიმართება შეხვედრა შპს ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი ინტერესების დაცვის მიზნით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტები მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. დღეს კი განათლების ხარისხისა და განვითარების ეროვნული ცენტრის ეზოში პერფორმანსის გამართვას და ღია ცის ქვეშ ლექციებს ჩატარებას გეგმავენ.