ვალის N2 საჯარო სკოლის მე-7 და მე-6 კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა გოზალიშვილმა პროექტი - „მოსწავლე-მასწავლებელი“ განახორციელა.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილები ჩაატარეს.
„ხშირად გაგვიგონია ასეთი გამოთქმა, რომ მასწავლებლები არ ხდებიან, მასწავლებლებად იბადებიანო, მაგრამ, ვფიქრობ, თუ მოზარდში ამ პროფესიისადმი სიყვარულს ჩანერგავ, არა მგონია, სიკეთის ნერგმა არ იხაროს. თაობები მოდიან და მიდიან, მასწავლებელი ყველას სჭირდება ყველა დროში. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მოსწავლეებისთვისაც ამ პროფესიის სიყვარული მესწავლებინა.
ვფიქრობ, ის პროექტი, რომელიც მე-7 და მე-6 კლასებში განვახორციელე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ეხმიანება. ექსპერიმენტული კვირეული სახალისო აღმოჩნდა ჩემი მოსწავლეებისთვის. მათ რიგრიგობით მოირგეს მასწავლებლის როლი და დიდი ხალისითა და სიყვარულით ჩაატარეს გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საოცარი იყო ის ენერგია, მონდომება და რაც მთავარია, ცოდნა, რომელიც მათ გამოავლინეს ერთი კვირის განმავლობაში. მათ აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები, ჯგუფურ სამუშაოებს ენაცვლებოდა ინდივიდიულური, აქტივობების კორიანტელი იყო გაკვეთილებზე, კრეატიული მიდგომა საკითხისადმი მათ შემოქმედებით ნიჭზე მეტყველებს, მათ მოირგეს როგორც ჟურნალისტის როლი, ასევე პოეტის როლიც, საინტერესო იყო ლადო ასათიანისა და მოსწავლის ინტერვიუ.
ჩემო პატარა მასწავლებლებო, მეამაყებით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ საუკეთესო მომავალი მასწავლებლები ხართ“,-აღნიშნავს ნანა გოზალიშვილი.
იხილეთ ფოტოები