აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებისას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, თან უნდა ჰქონდეს საგამოცდო ბარათი, რომელზეც მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო.
სად მიიღებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს? - აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე ამობეჭდავენ პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს).
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
აბიტურიენტს არ სჭირდება ფოტოსურათის გადაღება და ატვირთვა. საგამოცდო ბარათის ელექტრონული, ამოსაბეჭდი ვერსიის დამზადებისას სისტემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ფოტოს გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია მიმდინარე წლის 12 მარტს დაიწყო.