„მოსწავლეები ამ შანსს იმსახურებენ“ - საჯარო სკოლების დირექტორები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აფასებენ
14-03-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,  სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლე ატესტატის აღებას შეძლებს, თუ მას ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვს.

გარდა ამისა, სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ, გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით, როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. 

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით etaloni.ge საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა და აზრის გამოთქვა სთხოვა: 

ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი ავაგ ონიანი:

„რა თქმა უნდა, მათ უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ აიღონ ატესტატი და ჩააბარონ გამოცდები. ეს გამოცდები ზოგადად ლატარეაა და მე ამ შემთხვევაში, მოსწავლეების მხარეს ვარ. მათ უნდა ჰქონდეთ შანსი და შესაძლებლობა ისწავლონ უმაღლეს სასწავლებლებში“. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ შუკაკიძე:

„იმას, რომ ამ მოსწავლეებმა ატესტატი აიღონ, ვემხრობი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს საერთო სურათს არ შეცვლის, რადგან ამ მოსწავლეებს არ შეუძლიათ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის დაძლევა. ვფიქრობ, რომ მათ არც ექნებათ ამის სურვილი. რაც შეეხება ატესტატს, მოსწავლეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საშუალება 12-წლიანი სწავლის დამადასტურებელი ცნობა მიიღოს“. 

ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა გომართელი:

„ნამდვილად მართებული და მოსწავლეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა. გამოცდების მოხსნის შემდეგ, თუ მოსწავლეს სკოლის შეფასებების საფუძველზე ვაძლევთ ატესტატს, მაშინ ეს მოსწავლეებიც იმსახურებენ მას და შესაბამისად, გამოცდებზეც გასვლას. მაგალითად, ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ საგანში ჩაიჭრა მოსწავლე, თუმცა მან სკოლა დადებითი შეფასებებით დაასრულა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იმსახურებენ ისინი ამ შანსს და ძალიან მიხარია, რომ სამინისტროს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ძირითადად მოსწავლეების ინტერესებზეა მორგებული“. 

თბილისის N70 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე:

„კი, რატომაც არა? ჰქონდეთ ამ მოსწავლეებს იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინონ და ისწავლონ. ზოგადად, ეს გამოცდები იყო მხოლოდ გამოცდებისთვის და ის მოსწავლეს არ აძლევდა საშუალებას ბოლომდე გამოვლინა თავისი ცოდნა. თან ჩვენ ჩვენი წარსული გამოცდილებაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, ასეთი ტიპის საგამოცდო სისტემა არ ამართლებს საქართველოში. საჭიროა, რომ სკოლებში სწავლის ხარისხი ამაღლდეს და მოსწავლეს გამოცდების აღარ ეშინოდეს. ამ მოსწავლეებთან დაკავშირებით დავამატებ მხოლოდ იმას, რომ კარგი იქნება, თუ ჩვენთან დაინერგება საფრანგეთის მოდელი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: იქ, ყველა მსურველი აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ პირველი სემესტრის შემდეგ ტარდება გამოცდები, რომელიც წყვეტს სტუდენტის ბედს - ჩაბარების შემთხვევაში ის აგრძელებს სწავლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - ვერა“. 

დაბა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ქომეთიანი:

„ჩემი აზრით, საკმაოდ სწორი და მართებული გადაწყვეტილებაა. თუ მოსწავლეს სასკოლო პროგრამა დაძლეული აქვს, მას უნდა ჰქონდეს საშუალება აიღოს ატესტატი და შემდგომ, გაააგრძელოს სწავლა უმაღლესში. გარდა ამისა, ამ ცვლილებამდე წინა წლების და წლევანდელი კურსდამთავრებულები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა. ამიტომ, სამინისტროს ინიციატივას მივესალმები“. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხატიაშვილი:

„ცალსახაა, რომ ამ მოსწავლეებს ატესტატი უნდა მივცეთ, რადგან მათ 12 წელი ისწავლეს და ამას იმსახურებენ. თუმცა, ეროვნულ გამოცდებზე მათი დაშვება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ჩემი აზრით, მათ ერთი წელი მაინც უნდა ჰქონდეთ, ასე რომ ვთქვათ, „სასჯელად“, რომ უკეთ მოემზადონ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდნენ გამოცდებზე“. 

გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ოზბეთელაშვილი:

„ამჟამად, მოსწავლე ფასდება სკოლაში, იმ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენ გვაქვს და შედეგად, ის დარღვევების გარეშე მიიღებს ატესტატს, რომელიც ეკუთვნის. ამ სასკოლო შეფასებით კი გავა გამოცდაზე და უკვე იქ დაადასტურებს თავისი ცოდნის კომპეტენციას. ამიტომ, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საშუალება აირჩიოს პროფესია და ისწავლოს უნივერსიტეტში“. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ცინცაძე:

„მე საბაზო სკოლის დირექტორი ვარ და ამ მხრივ არ მაქვს დიდი გამოცდილება, თუმცა ჩემს აზრს მაინც მოგახსენებთ. მოსწავლემ ატესტატი აუცილებლად უნდა მიიღოს, თუმცა, რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, არ მიმაჩნია მართებულად მათი გამოცდებზე დაშვება. კარგი იქნება, თუ ალტერნატივას შესთავაზებენ მათ და მაგალითად, პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბარებენ. რეალურად, საატესტატო გამოცდები არ იყო იმ დონის სირთულის, რომ მოსწავლეს ბარიერი ვერ დაეძლია. ამიტომ, ვემხრობი მათთვის ატესტატის მიცემას, თუმცა გამოცდებზე დაშვებაზე თავს შევიკავებდი“. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ გიგინეიშვილი:

„მივესალმები და ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება აიღონ ატესტატი და შემდგომ, ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში. რეალურად, ერთ ან ორ გამოცდაში ჩაჭრა არაფერია, მაშინ როცა ეს გამოცდა ცოდნის კომპეტენციის დადგენას ვერ ახერხებდა“. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე:

„ნამდვილად, მივესალმები და დადებითად ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა ჩვენი ერთი მოსწავლე ჩაიჭრა ერთ გამოცდაში და სიმართლე გითხრათ, ძალიან მეცოდებოდა, რომ მას ერთი წელი უნდა ეცადა, სანამ თავიდან გაივლიდა ტესტირებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სხვა მოსწავლეებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, არ იცადონ ერთი წელი და მიიღონ გამოცდების ჩაბარების შანსი. თან, ამ 12 წლის მანძილზე მიღებული ცოდნის კომპეტენციას ერთიანი ეროვნული გამოცდები უკეთ დაადასტურებს“.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203