„დიპლომის აღებასა და სახლში დადებას რა აზრი აქვს“ - სკოლის წარმატებული დირექტორები პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე
14-03-2019

Etaloni.ge აქტუალური საგანმანათლებლო თემების ირგვლივ სკოლების ლიდერი დირექტორების მოსაზრებების გაცნობას კვლავაც აგრძელებს.

ამჯერად, დავინტერესდით სკოლის დამთავრების შემდეგ აუცილებელია თუ არა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება და რა მნიშვნელობა აქვს პროფესიული განათლების განვითარებას წარმატებული მენეჯერების ხედვით. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია ბლიაძე:

„ვფიქრობ, იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ და შემეცნება უყვართ, უმაღლესი განათლების მიღება და საკუთარი შესაძლებლობების განვითარება აუცილებელია. ამასთან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ნაკლებად აქტიურმა მოსწავლეებმა საბაზო საფეხურზევე უნდა აირჩიონ სასურველი საქმე.“

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავა:

„ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის უმაღლესი და პროფესიული განათლების დონის განვითარება თანაბრად მნიშვნელოვანია. მოსწავლეები საკუთარი მისწრაფებებისა და ინტერესების მიხედვით უნდა ირჩევდნენ მომავლის გზას. რაც მთავარია, თავიანთი საქმის პროფესიონალები უნდა იყვნენ.“  

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაზო ბორჩაშვილი:

„ხშირად ვეკითხები ჩემს მოსწავლეებს, სკოლის დამთავრების შემდეგ ვინ უნდა გამოხვიდე, როგორ უნდა იცხოვრო-მეთქი. მაღალ კლასებში ბავშვები უკვე კარგად უნდა დაფიქრდნენ ამ საკითხზე, სწორად შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობა- მისწრაფებები და საკუთარი უნარები ეფექტური მხრივ განავითარონ. აუცილებელი არაა ყველა უმაღლესში აბარებდეს, ხელობაც ძალიან საჭირო რამაა.“

დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბასილაშვილი:

„აუცილებელი სულაც არ არის ყველამ უნივერსიტეტი დაამთავროს. მთავარია ეფექტური განათლების მიღება და არსებული უნარების სწორი განვითარება. ხელობაში გვჭირდებიან კარგი სპეციალისტები, დიპლომის აღებასა და სახლში დადებას რა აზრი აქვს.“

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი მაია ლაფერაშვილი:

„რატომღაც წამოვიდა ტენდენცია, რომ ყველა უმაღლესში უნდა აბარებდეს და არ აქვს მნიშვნელობა როგორ სწავლობს უნივერსიტეტში და დიპლომის აღების შემდეგ რამდენად რეალიზებული იქნება. ამ მიდგომას არ ვეთანხმები. ძალიან საჭიროა პროფესიული განათლება და მოსწავლემ საკუთარი მისწრაფებები სწორად უნდა განსაზღვროს.“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა მახარაძე:

„მივესალმები პროფესიულ განათლებას, აუცილებელი არაა ყველა ახალგაზრდა უნივერსიტეტდამთავრებული გვყავდეს. მთავარია, მოსწავლემ ისეთი პროფესია აირჩიოს, რომელიც ეყვარება და თავისი საქმის უბადლო მცოდნე იქნება.“

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ გვასალია:

 

„მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობები და მისწრაფებები სწორად უნდა განსაზღვროს და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიოს სად გააგრძელებს სწავლას. ქვეყანას განვითარებისთვის საქმის პროფესიონალები სჭირდება, იქნება ეს უმაღლესი თუ პროფესიული განათლების კუთხით.“

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე გოგელია:

„არასწორად მიმაჩნია სკოლასა თუ უნივერსიტეტში ქულების დაუმსახურებლად წერა. მოსწავლემ გააზრებულად უნდა აირჩიოს პროფესია საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ჩემი სკოლიდან რამდენიმე ბიჭმა მანქანის შეკეთება შეისწავლა, გოგონები ექთნისა და სტილისტის საქმიანობას ეუფლებიან. ნამდვილად მივესალმები პროფესიული განათლების განვითარებას.“

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ქეშელაშვილი:

„სკოლის დასრულების შემდეგ მთავარია მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობები სწორად განსაზღვროს და უნარები საჭირო მიმართულებით განავითაროს. მნიშვნელოვანია უმაღლესი და პროფესიული განათლებაც, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომელს უნდა გაჰყვეს ბავშვი.“

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი ბონდო ხვედელიძე:

 

„იმისათვის, რომ ახალგაზრდამ უმაღლესში გააგრძელოს შემეცნება და კარგად აითვისოს მასალა, სათანადო საბაზო განათლება უნდა ჰქონდეს. გასაგებია რომ ყველა ერთნაირად ვერ უდებს გულს სწავლას, სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ მოსწავლემ სწორად შეაფასოს საკუთარი ინტერესები და მიაგნოს საქმეს, რომელიც გამოუვა. მისასალმებელია პროფესიული განათლება და თუ შემდეგ სხვა მისწრაფებები გამოიკვეთება, რატომაც არა, უნივერსიტეტში სწავლა არასდროსაა გვიანი.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203